იარაღის უკანონო შენახვა

იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული შავლეგ კ. და 1980 წელს დაბადებული პაპუნა ქ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ პაპუნა ქ-მ ცეცხლსასროლი იარაღები შეიძინა და შავლეგ კ-ს საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

სამართალდამცველებმა, შავლეგ კ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, „კალაშნიკოვის" კონსტრუქციის „ა-კა-74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „TS 870"-ის მოდელის გლუვლულიანი სანადირო თოფი, ჰორიზონტალურად მოძრავი ჩამკეტით და ცილინდრული ფორმის მჭიდით, ასევე, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 38 საბრძოლო ვაზნა, 1 მჭიდი, ხელთათმანები და შავი ფერის ქუდი ამოიღეს.

შსს-ს ცნობით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ბრალდებულებს ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

კომენტარები