მერაბ ტურავა

TI საკონსტიტუციოს: მერაბ ტურავას საქმის განხილვა უმოკლეს ვადებში დაასრულეთ

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, მოსამართლე მერაბ ტურავას მიმართ დისციპლინური სანქციის დაკისრების საკითხის განხილვა უმოკლეს ვადებში დასრულდეს და მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება. ტურავას საქმის წარმოება სასამართლოში ორთვე-ნახევარზე მეტია, მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს სასამართლოს, რეგლამენტში მოსამართლის მიმართ დისციპლინური წარმოების მარეგულირებელი ნორმები ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად გონივრულ ვადაში უზრუნველყოფილ იქნეს დისციპლინურ წარმოებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 16 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, სადაც მითითებულია, რომ მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილებაზე ხელის არ მოწერის საკითხი შესასწავლად და შესაბამისი დასკვნის მოსამზადებლად გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას. კომისიის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. სასამართლოს 17 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ეთიკისა და დისციპლინური საქმეთა კომისიის დასკვნის საფუძველზე, პლენუმმა დაადგინა, რომ მოსამართლე მერაბ ტურავას სასამართლოში გამოუცხადებლობა და ხელმოწერაზე უარის თქმა წარმოადგენს კანონის მოთხოვნათა დარღვევას. აღნიშნულის დადგენის შემდგომ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს უნდა ემსჯელა მის მიმართ დისციპლინური სანქციის დაკისრების საკითხზე და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

ჩვენი ორგანიზაციის 2015 წლის 9 ნოემბრის წერილის პასუხად, საკონსტიტუციო სასამართლოდან გვეცნობა, რომ მოცემული მომენტისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არ დაუსრულებია აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა. შესაბამისად, მოსამართლის მიმართ ჯერჯერობით არ გამოყენებულა რაიმე სახის დისციპლინური სანქცია. მიგვაჩნია, რომ მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური პროცედურა უნდა ეფუძნებოდეს ცხად და ადეკვატურ საკანონმდებლო რეგულირებებს, რათა საფრთხე არ შეექმნას საქმეების განხილვაში მონაწილე მოსამართლის დამოუკიდებლობას და საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტს. ამ კონტექსტში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, რომ დისციპლინურ წარმოებაზე საბოლოო გადაწყვეტილება გონივრულ ვადებში იქნეს მიღებული", - წერია განცხადებაში.

TI მიიჩნევს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების გონივრულ ვადაში მიღება საჯარო ინტერესების უზრუნველყოფას ემსახურება, რადგან მერაბ ტურავა საქმეების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობს.

"მიგვაჩნია, რომ მოსამართლის დისციპლინურ წარმოებაზე საბოლოო გადაწყვეტილების გონივრულ ვადაში მიღება მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების უზრუნველყოფას ემსახურება, რადგან მოსამართლე, რომლის მიმართაც დისციპლინური წარმოებაა დაწყებული, მთელი ამ პერიოდის მანძილზე, სხვა მოსამართლებთან ერთად, მონაწილეობს საქმეების განხილვა-გადაწყვეტაში. საკონსტიტუციო სასამართლოს უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ფუნქციებიდან გამომდინარე კი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ საზოგადოებაში არ არსებობდეს რაიმე სახის ეჭვი საქმის განხილვაში მონაწილე რომელიმე მოსამართლის კეთილსინდისიერებასთან და მის მიერ დაკავებული მაღალი სტატუსის თანამდებობასთან შეუფერებლობასთან დაკავშირებით. განუსაზღვრელი ვადით, საქმეების გადაწყვეტაში იმ მოსამართლის მონაწილეობა, რომლის მიმართაც კანონის დარღვევის გამო დისციპლინური წარმოებაა დაწყებული, ქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტისთვის ზიანის მიყენების ხელშესახებ საფრთხეს. სწორედ ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ, გონივრულ ვადაში შეფასებულ იქნას მოსამართლის მიერ კანონის დარღვევის სიმძიმე ქმნის თუ არა დისციპლინური სანქციის გამოყენების საფუძველს და მიღებულ იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი საქმეების განხილვაში მონაწილე მოსამართლის პიროვნების კანონის და კონსტიტუციის მოთხოვნებთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით.

ამასთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განუსაზღვრელი ან არაგონივრულად ხანგძლივი ვადით მოსამართლის გაურკვეველ სამართლებრივ მდგომარეობაში ყოფნა და ამ პერიოდში შესაძლო მძიმე სანქციის მოლოდინი, საფრთხეს უქმნის ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და შეიძლება აჩენდეს საფუძვლიან ეჭვებს საქმეების განხილვისას მასზე ზეგავლენის მოხდენის კუთხით. კერძოდ, ამგვარ მდგომარეობაში ყოფნა, მოსამართლეს შესაძლოა უბიძგებდეს საქმეების გადაწყვეტისას გაიზიაროს მოსამართლეთა უმრავლესობის პოზიციები, რადგან შემდგომში სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ მისთვის დისციპლინური სანქციის დაკისრების საკითხი.

აქვე უნდა ითქვას, რომ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, ვამტკიცოთ რეალურად აქვს თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსამართლის მიმართ ამ ტიპის ზეწოლას ადგილი. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის მანძილზე მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ, მოსარჩელე ბექა წიქარიშვილის საქმეზე, 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დაფიქსირებულ იქნა განსხვავებული აზრი. მიუხედავად ამისა, ზემოთგანხილული საფრთხეების და ეჭვების სრულად გამოსარიცხად მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს:

საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტში მოსამართლის მიმართ დისციპლინური წარმოების მარეგულირებელი ნორმები ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად გონივრულ ვადაში უზრუნველყოფილ იქნეს დისციპლინურ წარმოებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

გამომდინარე იქიდან, რომ მოსამართლე მერაბ ტურავას მიმართ უკვე ორთვე-ნახევარზე მეტია მიმდინარეობს დისციპლინური წარმოება, უმოკლეს ვადებში დასრულდეს საქმის განხილვა და მიღებულ იქნეს შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება", - წერია განცხადებაში.

დასასრულს, TI აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მიმართ დისციპლინური სანქციის ერთადერთ სახეს, უფლებამოსილება ვადამდე შეწყვეტას ითვალისწინებს.

კომენტარები