ევრო

2016 წლიდან ევროს ღირებულება შესაძლოა კიდევ უფრო მეტად შემცირდეს

Reuters

ევროპის ცენტრალური ბანკის ECB-ის პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ბანკი ევროპის ეკონომიკის აქტიურ სტიმულირებას (შერბილებულ მონეტარულ პოლიტიკას) მინიმუმ 2017 წლის მარტამდე გააგრძელებს. სტიმულირების მიზანს კი ევროზონის ქვეყნებში ნულამდე შემცირებული ინფლაციის 2%-მდე დაძვრა და ეკონომიკის ზრდის პროვოცირება წარმოადგენს. ამავდროულად 2015 წლის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარეზერვო ფონდი FED მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს, რაც საერთაშორისო ბაზარზე დოლარის კიდევ უფრო მეტად გამყარებას გამოიწვევს.

ECB-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის შერბილება იაფი ფულის პოლიტიკის მხარდაჭერაში გამოიხატება, ბანკი ბაზარზე ბონდების სახით დამატებით 680 მილიარდი ევროს მიწოდებას გეგმავს. ბანკის პროგნოზით ბაზარზე გაჩენილი დამატებითი ფინანსური რესურსები ეკონომიკის ზრდაზე დადებით გავლენას მოახდენს. დრაგის განცხადებას დოლარის გამყარება მოჰყვა და ერთი ევროს ღირებულება $1.08-მდე შემცირდა.

2014 წელს ევრო დოლართან მიმართებით საშუალოდ $1.40-ზე იყო, თუმცა შენელებული ეკონომიკური ზრდისა და ნულოვანი ინფლაციის გამო ევროპის ცენტრალურმა ბანკმა 2015 წლიდან იაფი ფულის პოლიტიკა დაიწყო, რის გამოც ევრო მნიშვნელოვნად გაუფასურდა.

15-16 დეკემბრიდან ამერიკის შეერთებული შტატები საპირისპირო პოლიტიკას იწყებს. FED საპროცენტო განაკვეთებს გაზრდის, რადგანაც ბანკის შეფასებით ამერიკის ეკონომიკა ფინანსური კრიზისიდან გამოვიდა და მას დამატებითი მხარდაჭერა აღარ ესაჭიროება.

FED გადაწყვეტილების მიღების დროს ეკონომიკური ზრდის, უმუშევრობისა და ახალი სამუშაო ადგილების სტატისტიკას ითვალისიწნებს. წელს აშშ-ში 1.9 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, უმუშევრობის მაჩვენებელი კი გასული შვიდი წლის მინიმუმამდე - 5.1%-მდე შემცირდა.

წელსვე მნიშვნელოვნად გაიზარდა დოლარის ინდექსი, DXY რაც დოლარის გამყარებას აშშ-ის სხვა ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთანაც მიანიშნებს. ამჟამად დოლარის ინდექსი 98-ს შეადგენს.

კომენტარები