შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები

გირჩი შშმპ-ებზე: გვინდა ქვეყანა, სადაც სამედიცინო დიაგნოზი არ იქნება განაჩენი

ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. გირჩი აღნიშნავს, რომ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობები საბჭოთა დროიდან გაიგივებულია ჯანმრთელობის პრობლემებთან, ინდივიდუალურ ტრაგედიასთან, და საზოგადოება მას მეტწილად უგულებელყოფს.

"სახელმწიფო მიიჩნევს, რომ მხოლოდ პენსიის გაცემა საკმარისია, ხოლო საზოგადოება არ განიხილავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს თანასწორად, რაიმეს შემძლედ, დამოუკიდებლობის ღირსად.

ბავშვის დაბადებამდე ჩვენ ვითვლით კისრის ნაოჭებს და ვამბობთ: სქესს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ჯანმრთელი იყოს", მაშინ, როდესაც განვითარებულ სამყაროში შესაძლებლობებს არ ზღუდავს ფიზიოლოგია - შესაძლებლობებს ზღუდავს გარემო.

ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მათ საჭიროებებზე მორგებული და ისეთი ფორმით მიწოდებული განათლება, როგორც ეს მათ სჭირდებათ.

ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა აკეთონ ის, რაც შეუძლიათ, განურჩევლად იმისა, თუ რა ეწერებათ ფორმა 100-ში.

ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც სამედიცინო დიაგნოზი არ გაიჟღერებს როგორც განაჩენი.

ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც არც ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის მშობელი არ ჰკითხავს საკუთარ თავს: რა ეშველება ჩემს შვილს, როცა მე აღარ ვიქნები", - წერია გირჩის განცხადებაში.

კომენტარები