სამომხმარებლო ბაზარი

ქუმსიშვილი: ანტიდემპინგური კანონმდებლობა აუცილებლად უნდა გვქონდეს

დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ანტიდემპინგური კანონმდებლობა საქართვლოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ქუმსიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული კანონპროექტი დასრულების ეტაპზეა და ბიზნესასოციაციებს განხილვების დაწყებისთვის უახლოეს მომავალში გადაეგზავნება. ანტიდემპინგი საგარეო ვაჭრობის შემზღუდველ ნორმებს მოიცავს, რომლებიც უცხოურ კომპანიებს ბარიერს უწესებს, რათა მათ ის პროდუქცია, რომელიც ქვეყნის შიგნითაც იწარმოება, სავარაუდო თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად არ გაყიდონ. 

"კანონი შიდა განხილვების ეტაპზეა და უახლოეს მომავალში მიეწოდება ასოციაციებს იმისათვის, რომ დავიწყოთ მსჯელობა. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კანონი არის შემუშავებული საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ეს არის ის შემადგენელი კანონმდებლობა, რომელიც აუცილებლად უნდა გვქონდეს ქვეყანაში. მე მინდა დავარწმუნო ყველა იმპორტიორი, რომ იმპორტი ჩვენი ქვეყნისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ეკონომიკის. ეს არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც ხდება ფასების სტაბილიზაცია, პროდუქციისა და მომსახურების მოწოდება ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად, ჩვენ ამ კანონს ვიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რათა გვქონდეს ყველა ის შესაბამისი კანონმდებლობა, რაც ჩვენ გვჭირდება და არა იმიტომ, რომ გამოვიყენოთ ის რაიმე სხვა მიზნებისთვის. გეტყვით, რომ დემპინგის დროს საჭიროა ინიცირება და აუცილებლად საჭიროა გამოძიება. სწორედ გამოძიების, უფრო სწორედ კი კვლევის, რადგანაც ეს უფრო მეტად კვლევაა. დასრულების შემდეგ თუ დადასტურდა, რომ ეს არის დემპინგი, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. 

ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღებას საპარლამენტო ოპოზიციაში ეწინააღმდეგებიან, მათი შეფასებით, ამგვარი ნორმებით პირველ რიგში ქვეყნის მოსახლეობა ზარალდება, რადგანაც მათ აღარ ექნებათ საშუალება ადგილობრივ პროდუქციაზე უფრო იაფი იმპორტული პროდუქცია შეიძინონ. ეკონომისტების შეფასებით კი, ანტიდემპინგური ნორმები შესაძლოა საკმაოდ ბუნდოვანი იყოს და მათ ქვეყნის ბიზნესგარემო დააზიანონ.

მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის განმარტებით, ანტიდემპინგური კანონმდებლობა მოიცავს: "უცხოეთში დამზადებული პროდუქტისთვის უფრო დაბალი ფასის მინიჭება იმ ბაზარზე, რომელზედაც აღნიშნული პროდუქტი იყიდება". WTO-ს სტანდარტების მიხედვით, დემპინგად შეიძლება ჩაითვალოს ქმედება ორ შემთხვევაში:

  1. როდესაც იმპორტიორი კომპანიები პროდუქტის ადგილწარმოშობის ქვეყანაში არსებულ თვითღირებულების ფასზე ნაკლებად ყიდიან საქონელს უცხო ქვეყანაში.
  2. როდესაც იმპორტიორი კომპანიები პროდუქტის ადგილწარმოშობის ქვეყანაში არსებულ ნორმალურ ფასზე ნაკლებად ყიდიან საქონელს უცხო ქვეყანაში.

კომპანიები ზოგიერთ შემთხვევაში საქონელს მის თვითღირებულებასთან მიახლოებულ ფასადაც ყიდიან, რაც მრავალ მიზანს, მათ შორის, მომხმარებლების მოზიდვას, ფინანსური დანაკარგის თავიდან არიდებას და ა.შ. შეიძლება მოიცავდეს. ასევე საკმაოდ რთულია იმის დადგენა, თუ რა წარმოადგენს დემპინგურ ფასს. საქართველოში მოხმარებული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოურია, ვაჭრობით დაკავებული კომპანიების 2/3-ზე მეტი სწორედ იმპორტული საქონლით ვაჭრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი რეგულაციები მათი დიდი ნაწილისთვის პოტენციურ რისკს შეიძლება წარმოადგენდეს.

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით მე-11 ადგილზეა, რაც ქვეყანაში რეგულაციების დაბალი დონის შედეგია. რეიტინგის მიხედვით, საქართველო საგარეო ვაჭრობის სიმარტივის მიხედვით მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, რაც ამ სფეროში რეგულაციების დაბალ დონეს უკავშირდება. ანტიდემპინგური კანონმდებლობა კი სწორედ საერთაშორისო ვაჭრობის შემზღუდველი ნორმაა, რაც ამ მიმართულებით საქართველოს პოზიციებზე სავარაუდოდ უარყოფითად აისახება. 

ანტიდემპინგური ნორმების მიღებით შესაძლოა საქართველოს მოსახლეობაც დაზარალდეს. თუკი იმპორტიორი კომპანია ადგილობრივ მწარმოებლებზე იაფად სთავაზობს მოსახლეობას პროდუქციას, ამ დროს მოსახლეობა მოგებული რჩება, რადგანაც მათი მსყიდველუნარიანობა ამ საქონლის მიმართ იზრდება. უცხოური, შედარებით იაფი ალტერნატივის გაქრობის შემთხვევაში კი, მოსახლეობის, კონკრეტულად მისი შედარებით დაბალშემოსავლიანი ნაწილის, მსყიდველუნარიანობა შემცირდება.

ანტიდემპინგურ ნორმებს სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების წახალისების მიზნით იღებს. ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღება ქვეყანაში ბიზნესგარემოსთვის ახალი რეგულაციის დაწესება იქნება, რომელიც კონკრეტულ კომპანიებს სახელმწიფოს მხრიდან პროტექციონისტულ მდგომარეობაში ჩააყენებს. 

თუკი კომპანიები ორიენტირებული იქნებიან საქართველოს 3.7-მილიონიან ბაზარზე და, ამავდროულად, სახელმწიფოსგან ექნებათ გარანტია, რომ ადგილობრივი ბაზარი უცხოური იაფი პროდუქციისგან იქნება დაცული, ამით ქვეყანაში ეფექტიანობის შემცირება შეიძლება მოხდეს, რადგანაც მოსახლეობას გაუძვირდება პროდუქტები, რომლებსაც ისინი უცხოური მომწოდებლებისგან ყიდულობენ.

კომენტარები