NATO-საქართველო

აპატურაი: მედიის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია, პროგრესი ამ სფეროშიც საჭიროა

ჯეიმს აპატურაი
www.nato.int

NATO-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ კომუნიკეში, საქართველოსთან დაკავშირებით გზავნილებზე დღეს ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა. აპატურაის თქმით, კომუნიკე ორ პოზიტიურ გზავნილს შეიცავს.

"საქართველოსთან მიმართებაში პროცესი რჩება იგივე, ახალი არაფერი დამატებულა და არც ახალ გადასალახ ბარიერს გთავაზობთ. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში ყოველთვის შედიოდა წევრობის სამოქმედო გეგმა, როგორც შემდგომი ნაბიჯი. დღევანდელი კომუნიკე მხოლოდ ხელახლა ადასტურებს ამას. იცვლება მხოლოდ ორი რამ. პირველი, როდესაც საქმე ეხება NATO-ში გასაწევრიანებლად პრაქტიკულ მომზადებას, საქართველოს საამისოდ ყველა ბერკეტი აქვს. ასე რომ ეს უფრო გამოიკვეთა და სწორედ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი.

მეორე, რაც კომუნიკეში წერია, არის ის, რომ არსებითი პაკეტის განხორციელება საქართველოს უფრო უნარიანს ხდის. ეს კი ეხმარება მას წევრობისთვის მოემზადოს. ასე რომ ამ კომუნიკეში ორი პოზიტიური გზავნილია. რაღაც ეტაპზე მოგვიწევს წევრობის სამოქმედო გეგმის ხიდიც გადავკვეთოთ. ამისთვის საჭიროა ყველა გზა გავიაროთ. ესენია არსებითი პაკეტისა და რეფორმების განხორციელება", - განაცხადა აპატურაიმ.

მანვე მედიის თავისუფლების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი, რაც კომუნიკეშიც აღნიშნულია.

"გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, მაგრამ ეს ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ. რაღაც ეტაპზე იქნება კონსენსუსი წევრ ქვეყნებს შორის MAP-თან დაკავშირებით. ეს დღეც დადგება. NATO არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი და ეს არის მიზეზი, რატომაც სურს საქართველოს გაწევრიანება. საუბარი არ არის მხოლოდ უსაფრთხოებაზე, საუბარია საერთო ღირებულებებსა და საერთო დემოკრატიულ პრინციპებზე.

დღეს გენერალურმა მდივანმა მონტენეგროს მოწვევის შესახებ საუბრისას ახსენა სამი სფერო, რომლებიც სამხედრო სფეროები არ არის და რომ მონტენეგროს სჭირდება პროგრესის გაგრძელება, ეს ამ ქვეყნის წარმომადგენლებმაც აღიარეს. ასე რომ NATO სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია. მედიის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რა თქმა უნდა პროგრესი ამ სფეროშიც საჭიროა", - თქვა აპატურაიმ.

კომენტარები