ფეხითმოსიარულეთა უფლებები

TI: ჯაჭვლიანის ინიციატივა საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეებს და შშმ პირებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, დეპუტატ ჯაჭვლიანის ინიციატივა საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებს. ორგანიზაცია პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ შეთავაზებულ ცვლილებებს.

დეპუტატ ჯაჭვლიანის ინიციატივა ეხება სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და დგომის მარეგულირებელი წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულ სანქციებს. კერძოდ, კანონის დღევანდელი რედაქციით, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ საჯარიმო სადგომზე გადაყვანას იმ შემთხვევაში, თუ ის „აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს". ცვლილებით, ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადაყვანას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაექვემდებარება, თუ ის „აფერხებს საავტომობილო მოძრაობას ან ქმნის საცობს".

"შემოთავაზებულ ვარიანტში მთავარი ცვლილებაა სიტყვა „მოძრაობის" ჩანაცვლება სიტყვათშეთანხმება „საავტომობილო მოძრაობით", რაც გულისხმობს, რომ საჯარიმო სადგომზე გადაყვანის სანქცია აღარ გავრცელდება, მაგალითად, ტროტუარზე გაჩერებულ ავტომობილებზე, რომლებიც ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას აფერხებენ. კანონპროექტის განმარტებით ბარათში პირდაპირ არის მითითებული, რომ კანონპროექტის მიზანი და ძირითადი არსი ხსენებული მუხლის მოქმედების სფეროდან ფეხით მოსიარულეთა მოძრაობის შეფერხების შემთხვევების გამორიცხვაა. წარმოდგენილი კანონპროექტი საფრთხის შემცველია და (დამტკიცების შემთხვევაში) მნიშვნელოვნად გააუარესებს მდგომარეობას საქართველოს ქალაქებში, განსაკუთრებით კი თბილისში", - აცხადებს TI და აღნიშნავს, რომ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი პირდაპირ ავალდებულებს მოქალაქეს გადაადგილდეს გზის მისთვის განკუთვნილ მონაკვეთზე, ტროტუარზე და აწესებს აკრძალვას მოცემულ მონაკვეთზე ავტომობილის გაჩერებისათვის. შემოთავაზებული კანონპროექტის წარმოდგენილი ფორმით მიღების შემთხვევაში, ტროტუარზე მდგომი ავტომობილებისათვის, რომელიც შეიძლება აფერხებდეს მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა მოძრაობას, სანქციის სახით დაწესებული პასუხისმგებლობა - დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანა აღარ იარსებებს. შესაბამისი ორგანოები კი, მხოლოდ საჯარიმო ქვითრის ამოწერით შემოიფარგლებიან.

"ეს, ვფიქრობთ, არასაკმარისი საშუალებაა და საკმარისად ვერ მოაწესრიგებს აღნიშნულ საკითხს. საქართველოს დედაქალაქში დღესაც ხშირია ავტომობილის ტროტუარზე გაჩერების შემთხვევები, რაც აფერხებს ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას, ზოგიერთ შემთხვევაში კი სრულიად გაუვალს ხდის ტროტუარს ქვეითებისთვის. ეს პრობლემა განსაკუთრებით მძიმედ აისახება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და იმ ადამიანების მდგომარეობაზე, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად დადიან ქუჩაში, რადგანაც მათთვის განსაკუთრებით რთულია ტროტუარზე გაჩერებული ავტომობილისთვის გვერდის ავლა. დეპუტატ ჯაჭვლიანის მიერ შემოთავაზებული ცვლილება (რომლის თანახმადაც, საჯარიმო სადგომზე გადაყვანის სანქცია აღარ გავრცელდება ავტომობილებზე, რომლებიც ფეხით მოსიარულეების მოძრაობას აფერხებენ) გულისხმობს ტროტუარზე პარკირების პრობლემასთან ბრძოლის დღეს არსებული ერთადერთი, მეტ-ნაკლებად ეფექტური მექანიზმის გაუქმებას და ამდენად მნიშვნელოვნად დაამძიმებს როგორც ზოგადად ფეხით მოსიარულეების, ისე მცირეწლოვანი ბავშვების მშობლების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მდგომარეობას საქართველოს ქალაქებში", - ნათქვამია TI-ს განცხადებაში და აღნიშნულია, რომ თანამედროვე ქალაქგანვითარების საუკეთესო პრაქტიკა გულისხმობს ურბანული გარემოს მორგებას პირველ რიგში ფეხით მოსიარულეების ინტერესებზე.

"ამდენად, შემოთავაზებული კანონპროექტი, გარდა იმისა, რომ აუარესებს მდგომარეობას საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის, ასევე პირდაპირ ეწინააღმდეგება ქალაქების მოწყობის თანამედროვე პრინციპებს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, არ დაუჭირონ მხარი დეპუტატ ჯაჭვლიანის ინიციატივას", - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.

კომენტარები