ფეხითმოსიარულეთა უფლებები

ნარმანია: ვიმუშაოთ, რომ გადასასვლელზე უპირატესობა ფეხით მოსიარულეს ჰქონდეს

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მერიამ საპატრულო პოლიციასთან ერთად უნდა დაიწყოს მუშაობა იმისთვის, რომ ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელზე უპირატესობა ფეხით მოსიარულეს მიენიჭოს. როგორც ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, საქართველოში, ამ უპირატესობით ხშირ შემთხვევაში ავტომობილები სარგებლობენ.

"მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის უწყებებთან ერთად, საპატრულო პოლიციასთან ერთად დავიწყოთ აქტიური მუშაობა იმაზე, რომ უპირატესობა ჰქონდეთ ფეხით მოსიარულე ადამიანებს იმ ადგილას, სადაც არის ოფიციალურად გათვალისწინებული გადასასვლელი, მაგრამ მეორე მხრივ, ისეთ ადგილებზე, სადაც უკანონოდ ხდება გზის გადაკვეთა, რა თქმა უნდა, მოქალაქეებს უნდა მოვუწოდოთ, რომ ამ ადგილების ნაცვლად ისარგებლონ ოფიციალურად განკუთვნილი ადგილებით. ოფიციალურად განკუთვნილ ადგილებზე იყოს მათი გადაადგილება უპირატესი, ვიდრე ეს არის ავტომანქანების შემთხვევაში. ამიტომ ამ თვალსაზრისით აქტიური მუშაობა მოგვიწევს", - განაცხადა დავით ნარმანიამ და შესაბამისი წინადადებების წარდგენა ტრანსპორტის სამსახურს დაავალა.

"მე ვავალებ ტრანსპორტის სამსახურს პირველ რიგში ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის წარმოდგენას. შესაბამისად, იურიდიულ სამსახურთან და კურატორ მოადგილესთან ერთად წარმომიდგინეთ მზა წინადადებები იანვრის ბოლომდე, თუ როგორ მოვაგვაროთ ეს საკითხი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები