სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან

მეჭიაური: საქართველოს რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებიდან სარგებლის ნახვა შეუძლია

ტაბულა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის თქმით, თუკი არსებობს შანსი, რომ საქართველომ რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციებისგან სარგებელი მიიღოს, ქვეყანამ ამაზე უარი არ უნდა თქვას.

"შეფასება სხვათა დაპირისპირებაზე კარგი ტონი არ არის, მაგრამ, ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები და ჩვენ უნდა ამოვიდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. ახლა თუ რეალურად არის შანსი, რომ საქართველომ სარგებელი მიიღოს, თუნდაც ეკონომიკური, რატომ უნდა ვთქვათ ამაზე უარი, მე ვერ ვიგებ. იქ რაღაც ხილის და ბოსტნეული შეტანა ამ ემბარგოდან გამომდინარე შემცირდება და, ბუნებრივია, გაჩნდება დამატებითი მოთხოვნა, რომ ჩვენი შევიდეს იქ. ტურიზმშიც იგივეა - რატომ უნდა ვთქვათ უარი ტურისტების შემოსვლაზე ჩვენს ქვეყანაში. თუკი ამას ჭკვიანურად გამოიყენებ, ამან პირიქით შეიძლება შემოიტანოს ქვეყანაში ვალუტა. ტურიზმიც ხომ ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა", - თქვა თამაზ მეჭიაურმა.

მეჭიაური როსსელხოზნადზორის წარმომადგენლის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც, რუსული მედიის ინფორმაციით, თქვა, რომ "თურქეთის მიმართ დაწესებულმა ემბარგომ მეზობელი ქვეყნები გაახარა და ეს ინფორმაცია საკმაოდ პოზიტიურად მიიღო საქართველომ, ასევე სომხეთმა და აზერბაიჯანმა". ამ განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ამბობს, რომ არცერთი ქვეყნის კეთილდღეობა არ უნდა იყოს აგებული რომელიმე ქვეყნის გამოწვევებზე.

კომენტარები