რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ისრაელის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მოშე იალონმა დღეს განაცხადა. თუმცა, ისრაელს თვითმფრინავი არ ჩამოუგდია.
"1.6 კილომეტრით შემოვიდა რუსული თვითმფრინავი ისრაელის ტერიტორიაზე, მაგრამ ინციდენტი მალევე მოგვარდა და თვითმფრინავი სირიის მიმართულებით უკან დაბრუნდა. როგორც ჩანს, პილოტის შეცდომა იყო",- თქვა მინისტრმა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსული თვითმფრინავები ისრაელზე თავდასხმას არ გეგმავენ, ამიტომაც ავტომატურად არ იმოქმედეს და თვითმფრინავი არ ჩამოაგდეს.
24 ნოემბერს რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რის გამოც ის ჩამოაგდეს. თურქული მხარის განცხადებით, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომელ ქვეყანას ეკუთვნოდა თვითმფრინავი. რუსეთი კი საზღვრის დარღვევას უარყოფს. რუსეთმა საპასუხოდ თურქეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, გააუქმა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ასევე გაწყვიტა სამხედრო კონტაქტები. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი იმედოვნებს, რომ მომავალ კვირას პარიზში დაგეგმილ კლიმატის ცვლილების სამიტზე რუს კოლეგას შეხვდება და "საკითხის გონივრულ წერტილამდე" დაყვანას ეცდება.





