რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა

თურქეთის ტურიზმისა და ვაჭრობის სექტორები შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ

MOHAMED EL-SHAHED / Getty Images

თურქეთის მიერ რუსული გამანადგურებლის ჩამოგდებას შესაძლოა რუსეთის მხრიდან თურქეთისთვის გარკვეული ეკონომიკური სანქციების დაწესება მოჰყვეს. რუსეთი გერმანიის შემდეგ თურქეთის მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2014 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ $33 მილიარდი შეადგინა. შედარებით მაღალი რისკის ქვეშ დგანან ისეთი სექტორები, როგორიცაა: ვაჭრობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და ენერგეტიკა.

"ყველას ესმის, რომ ვისაც თუნდაც ერთი ცალი თურქული პომიდორი უყიდია, ხელი შეუწყვია ჩვენი მისამართით გამოსროლილი რაკეტის გამშვებისთვის", -განაცხადა რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ. ონიშჩენკოს განცხადება თურქული პროდუქციისთვის ემბარგოს დაწესების გაზრდილ რისკებზე მიანიშნებს.  

ტურიზმი

რუსი ტურისტები თურქეთში გერმანელი დამსვენებლების შემდეგ მეორე უმსხვილესი ტურისტული ჯგუფია. 2014 წელს თურქულ კურორტებზე 4.4 -მა მილიონმა რუსეთის მოქალაქემ დაისვენა. მოსკოვის მხრიდან მოქალაქეებისთვის შეზღუდვის დაწესებამ მგზავრთა ნაკადზე შესაძლოა უარყოფითი ეფექტი იქონიოს. 

რუსი ტურისტების მთავარი დანიშნულების ადგილი თურქეთია, ეგვიპტეში გასულ წელს 2.5-მა მილიონი რუსი ტურისტი იმყოფებოდა. ეგვიპტეში სინას ნახევარკუნძულზე მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ შეიქმნა ტენდენცია, რომ ტურისტების ნაკადი თურქეთში გაიზარდა, მაგრამ su 24-ის ჩამოგდების შემდეგ, შესაძლოა, ტურისტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა თურქეთში დასვენებაზე უარი თქვას. 

ენერგეტიკა

თურქეთში მოხმარებული ბუნებრივი აირის 57% რუსულია. 2014 წელს თურქეთი გერმანიის შემდეგ რუსული ბუნებრივი აირის მეორე უმსხვილესი მომხმარებელია. ეკონომიკური ურთიერთობების დაძაბვის შემთხვევაში ბუნებრივი აირის სფეროშიც შესაძლოა გარკვეული პრობლემები წარმოიშვას.

თურქეთი მისთვის განკუთვნილ 27 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს რუსეთისგან ორი გზით - შავი ზღვის ქვეშ გამავალი "ცისფერი ნაკადისა" და უკრაინაში, რუმინეთსა და მოლდოვაში გამავალი მილსადენიდან იღებს. 

შეჩერებულია ახალი "თურქული ნაკადის" პროექტიც, რომელიც 2014 წელს გაფორმდა და 36 მილიარდი კუბური მეტრი რუსული ბუნებრივი აირის ევროპაში უკრაინის გვერდის ავლით გატანას ითვალისწინებდა. 

ატომური ენერგია

2012 წელს რუსეთი და თურქეთი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე შეთანხმდნენ. რუსული სახელმწიფო კომპანია ROSATOM-ი სადგურის სამშენებლო სამუშაოებს ამ დრომდე ახორციელებს. თურქეთი აღნიშნული სადგურით ყოველწლიურად $14 მილიარდის ღირებულების იმპორტირებული ბუნებრივი აირის დაზოგვას გეგმავდა. ეკონომიკური სანქციების დაწესების შემთხვევაში აღნიშნული პროექტი შესაძლოა გაიყინოს.

ოქტომბერში თურქეთის მთავრობის წევრებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ სირია-თურქეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე საჰაერო ოპერაციის წარმოება ქვეყნისთვის პირდაპირი სამხედრო მუქარის ტოლფასი იყო, რის სანაცვლოდაც ატომური ელექტროსადგურის პროექტიდან რუსული მხარის გასვლა მოითხოვეს. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თუკი რუსები არ ააშენებდნენ ამ პროექტს, თურქები მათ სხვებით ჩაანაცვლებდნენ.

ემბარგო

ემბარგოს დაწესების შემთხვევაში დაზარალდებიან როგორც თურქი მწარმოებლები, ასევე რუსი მომხმარებლებიც, რომლებიც დაკარგავენ საშუალებას, უცხოური პროდუქცია კონკურენტულ ფასად შეიძინონ.

კომენტარები