კურტანიძე ქუცნაშვილს: დედის წინ მორბენალი კვიცი მგელმა შეჭამაო

პარლამენტარს და ჩემს კოლეგას, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, შევახსენებ, რომ ჩვენ ყველანი ვართ ერთი გუნდი. მეტიც, ერთი სისხლი და ხორცი, სიცოცხლე დავდეთ ერისკაცის ლიდერობით სამშობლოს გადასარჩენად. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი შიგნით, გუნდში კომუნიკაციით, მსჯელობით, თუნდაც კამათით უნდა შევაჯეროთ და ამის შემდეგ გამოვიტანოთ სააშკარაოზე. ბატონო ზაქარია, თქვენი ინტერვიუ არის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი თითოეული თქვენი გუნდის წევრისთვის. ამავე დროს, ჩვენი გუნდის წევრების უმრავლესობა აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში, იდეის, სამშობლოს გადარჩენისა და უკეთესი მომავლისთვის გაერთიანდა და არა ხელფასის ან სხვა პრივილეგიების გამო. ვეთანხმები, რომ ბევრი რამ მოსაწესრიგებელია ამ მხრივ, მაგრამ ეს შეიძლება, ბატონო ზაქრო, რამდენიმე წლით ადრე გაგხსენებოდათ და არა ახლა რამდენიმე თვით ადრე, როდესაც არჩევნები წინ მოგვადგა. ნუ ეძებთ უკეთეს თანამებრძოლებს, როგორც თქვენ ამ ინტერვიუში აღნიშნავთ, რადგან ამ გუნდმა მოგიყვანათ დღეს, სადაც ხართ. ამაზე უკეთეს ვერ იპოვით, რადგან აქ ყველა თავის საქმის პროფესიონალია და ბრძოლის დროს, ყველანი უღალატონი არიან. ამ გუნდთან თქვენ არ გიმსჯელიათ, არ გიკამათიათ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე და ამის მიუხედავად, თქვენ სააშკაროზე, საზოგადოდ გამოიტანეთ ამა თუ იმ პარლამენტარის ავ-კარგიანობა, სააშკარაოზე გამოიტანეთ ამ ადამიანების განკითხვა მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი გეთანხმებათ ამ საკითხზე. ამიტომ, მე მინდა, უბრალოდ, შეგახსენოთ, რომ შესაძლებელია, მე ვარ ძალიან მკაცრი, მაგრამ როდესაც საქმე ეხება თანამებრძოლების ღირსებას, შესაძლებელია, უფრო მკაცრიც ვიყო. შეგახსენებთ ერთ ქართულ ანდაზას: დედის წინ მორბენალი კვიცი მგელმა შეჭამაო. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, რომ თითოეულ თანამებრძოლს გაუფრთხილდით და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ეს ბრძოლა ღირსეულად მოიტანა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე ასევე უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილს აკრიტიკებს. კურტანიძე ქუცნაშვილს ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუს ახსენებს და ამბობს, რომ ქუცნაშვილი კოლეგებთან განხილვის გარეშე საზოგადოებას ესაუბრება. შეგახსენებთ, რომ ქუცნაშვილმა მოამზადა კანონპროექტი მაღალჩინოსნების პრემირების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა ჩააგდო.

კომენტარები