საზოგადოებრივი ინიციატივის კვლევა

საზოგადოებრივი ინიციატივა: ჟვანიამ ცესკო-ში შვილები და ნათესავები დაასაქმა


კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივის კვლევის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ცესკო-ში შვილები, მათი მეგობრები და ოჯახის სხვა ახლობლები დაასაქმა. გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თამარ ჟვანიას 2014 წლიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით მიიღო თანამდებობრივი სარგო – 130 727.55 ლარის ოდენობით, ხოლო 56 682 ლარი პრემია და 56 855 ლარი დანამატი.

"საზოგადოებრივი ინიციატივა აგრძელებს სახელმწიფო ორგანიზაციების მონიტორინგს. ამ ეტაპზე გვინდა საზოგადოებას გავაცნოთ საჯარო ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქალბატონ თამარ ჟვანიას 2014 წლის და 2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით მიღებული შემოსავლების შესახებ. ქალბატონმა თამარმა, 2014 წლიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით მიიღო თანამდებობრივი სარგო – 130 727.55 ლარის ოდენობით. ასევე პრემია 56 682 და დანამატი 56 855 ლარი.  სამივლინებო ხარჯი – 47 810. 49 ლარი. სახელმწიფოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავჯდომარის შენახვა ზემოთ მოცემულ წლების მიხედვით დაუჯდა – 292 075.04 ლარი. ჩვენი ორგანიზაცია ასევე დაინტერესდა ცესკო-ში არსებული ნეპოტიზმის ფაქტებით. კერძოდ, 2014 – 2015 წლებში ქალბატონმა ჟვანიამ აღნიშნულ უწყებაში დაასაქმა: შვილები ცისია ყაველაშვილი და გიორგი ყაველაშვილი; შვილის მეჯვარე – თამუნა ბატიაშვილი; შვილის მეგობარი - თათია ზარქუა; და – ნათია ჟვანია; სიძის და - ნინო ყავრელიშვილი; მაზლის ცოლი – ლეილა სიბაშვილი; სიძის ნათესავი – ტარიელ ნათენაძე; ქმრის ნათესავი – ირინა ბუზალაძე" - აღნიშნულია საზოგადოებრივი ინიციატივის განცხადებაში.

ტაბულა აღნიშნულ საკითხზე უკვე დაუკავშირდა ცესკო-ს პრესსამსახურს და პასუხს მალე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები