გალტ & თაგარტი

გალტ & თაგარტმა Thomson Reuters-სთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა

გალტ & თაგარტმა და მედიაკორპორაცია Thomson Reuters-მა თანამშრომლობის თაობაზე ხელშეკრულება გააფორმეს. თანამშრომლობის ფარგლებში, გალტ & თაგარტის გამოქვეყნებულ კვლევებს, Thomson Reuters-ი საკუთარ პლატფორმაზე გაავრცელებს.

საქართველოს ბანკის შვილობილი, გალტ & თაგარტი, ინვესტიციების მართვის მომსახურების სფეროში წამყვანი კომპანიაა. გალტ & თაგარტს აქვს საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე მუშაობის უნიკალური და ხანგრძლივი გამოცდილება, მათ შორის, კაპიტალის ბაზრების განვითარების მიმართულებით.

„გალტ & თაგარტის კვლევების მიმართულება ფარავს საქართველოსა და აზერბაიჯანის მაკროეკონომიკას, ასევე აქვეყნებს საქართველოს ეკონომიკის სექტორებისა და ფიქსირებული შემოსავლის კვლევებს", - აცხადებენ კომპანიაში და აღნიშნავენ, რომ კვლევების მიმართულება აერთიანებს კონკრეტულ სექტორებზე მიმაგრებულ ქართველ და აზერბაიჯანელ ფინანსისტებსა და ეკონომისტებს.

„გალტ & თაგარტი არის უაღრესად ღირებული პარტნიორი, რისი დასტურიცაა კომპანიის მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზრების ზუსტი და სრულყოფილი კვლევა, ისევე როგორც კლიენტებისთვის დროული ანალიზის მიწოდება. მოხარული ვართ, რომ „გალტ & თაგარტთან" პარტნიორობის შედეგად მათი მაკროეკონომიკური, სექტორული და ფიქსირებული შემოსავლის შესახებ კვლევები ხელმისაწვდომი იქნება Thomson Reuters-ის საშუალებით. ხსენებული პარტნიორობა დასტურია ჩვენი მოწოდებისა ვითანამშრომლოთ წამყვან კომპანიებთან და მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებელს მასალა, რომელიც მათ დაეხმარებათ კარგად ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში", განაცხადა Thomson Reuters-ის კონტენტის მართვის დირექტორმა, იან ბროქლერჰურსთმა.

"ჩვენ უაღრესად მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ მსოფლიოს წამყვან მედიაკორპორაცია Thomson Reuters-თან, რომელიც ბიზნესის პროფესიონალებისთვის ინფორმაციის საუკეთესო წყაროა. „გალტ & თაგარტმა" საქართველოში პირველმა დაიწყო მუშაობა საინვესტიციო საბანკო კვლევების მიმართულებით. ხსენებული შეთანხმება არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი „გალტ & თაგარტისთვის", რომელიც საქართველოსა და მეზობელი რეგიონის შესახებ მაღალი ხარისხის ანალიზისა და ინფორმაციის ძირითადი წყარო ხდება უცხოელი ინვესტორებისთვის", - აღნიშნა „გალტ & თაგარტის" თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.

კომენტარები