რუსთავი 2-ის საქმე

TI: გამოხატვის თავისუფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა დაუშვებელია

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, სასამართლოს ავტორიტეტის დაცვის მიზნით, გამოხატვის თავისუფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა დაუშვებელია. TI საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების 9 ნოემბრის განცხადებას და რუსთავი ორის გადაცემა არჩევანში საბჭოს ერთ-ერთი წევრის ევა გოცორიძის გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმიანება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო თავიდანვე აღნიშნავს, რომ როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და იგი კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შეიძლება შეიზღუდოს, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის და მიუკერძოებლობის დასაცავად. ამასთან, TI-ის განცხადებით, თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად მკაცრი სტანდარტები არის დადგენილი.

"ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად ფასდება, დაპირისპირებული ინტერესებიდან თუ რომელ სამართლებრივ სიკეთეს უნდა მიენიჭოს უპირატესობა", - აცხადებს ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებული სამართლებრივი დავა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს. TI-ის შეფასებით, საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მიმდინარეობდეს საჯარო დებატები, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას მთლიან პროცესზე.

"სამართლებრივი საკითხების პარალელურად გასათვალისწინებელია, რომ საქმე ეხება საქართველოში ყველაზე რეიტინგულ კერძო ტელეკომპანიას, რომელიც გამოირჩევა ხელისუფლებისადმი მკაცრი კრიტიკით. ბოლო წლების განმავლობაში კი ტელევიზიამ რამდენჯერმე დაადანაშაულა მოქმედი ხელისუფლება ტელეარხზე პოლიტიკურ ზეწოლაში. აღსანიშნავია, რომ საქმის მიმდინარეობის პროცესში მიღებული განჩინებები, რომლებიც შეეხებოდა ჯერ „რუსთავი 2"-ის, ხოლო შემდგომში ტელეკომპანია „საქართველოს" ქონების დაყადაღებას, პროცესუალური და მატერიალური კუთხით დასაბუთებულობის ნაწილში არაერთ კითხვის ნიშანს აჩენდა. ამასთან, საქმის განხილვის მიმდინარეობისას საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა აწარმოებდა სისხლის სამართლებრივ დევნას საქმის განხმილველი მოსამართლის დედის წინააღმდეგ. მოცემული ფაქტი დამატებითი საფუძველი გახდა საქმეში პოლიტიკური მოტივების სამტკიცებლად. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო 5 ნოემბერს სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, რომელშიც მოსამართლემ, აბსტრაქტულად, რაიმე სახის კონკრეტული შემთხვევისგან დამოუკიდებლად, ზოგადად იმსჯელა არხის სარედაქციო პოლიტიკაზე და დაასკვნა, რომ არსებული მმართველობის პირობებში ტელევიზია ვერ შეასრულებდა მედიის საზოგადოებრივ დანიშნულებას. აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს მოსამართლის მხრიდან დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე, საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ არათუ დასაშვები, არამედ აუცილებელია აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობდეს საჯარო დებატები, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი კონტროლის განხორცილებას მთლიან პროცესზე. ამასთან, თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თითოეული მოქალაქის უფლებაა, მიიღოს ამომწურავი, მათ შორის კრიტიკული, ინფორმაცია სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით. საჯარო დებატებში ასევე გამოხატვის თავისუფლებით დაცულია იმგვარი განცხადებების გაკეთება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებასთან მიმართებით, რომლებიც გაზვიადებული ან თუნდაც პროვოკაციული შინაარსის მატარებელია. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ავტორიტეტის დაცვის ინტერესი არ უნდა გახდეს გამოხატვის თავისუფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვის საფუძველი", - აცხადებს TI.

კომენტარები