ფულადი გზავნილები

ფულადი გზავნილები კლებას განაგრძობს - ოქტომბერში გზავნილები 27%-ით შემცირდა

Reuters

2015 წლის ოქტომბერში უცხოეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 27.4%-ით შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით ოქტომბერში გზავნილების მოცულობა $89.9 იყო, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით $34 მილიონით ნაკლებია. ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია. 

ფულადი გზავნილების შემცირება რუსეთიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან გზავნილების შემცირებაზე აისახა. ფულადი გზავნილების შემცირება ყველაზე მეტად რუსეთიდან შემომავალ გზავნილებზე აისახა. 2014 წელს ფულადი გზავნილების 50% რუსეთზე მოდიოდა, 2015 წლის ოქტომბერში კი რუსეთს ფულადი გზავნილების 40% უჭირავს. 

რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება ამ ქვეყნებში არსებულ რთულ ეკონომიკურ პირობებს უკავშირდება. ამ ქვეყნებში წასული მოსახლეობა ხელფასებს რუბლსა და გრივნაში იღებს, ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაციის გამო კი მათ მიერ საქართველოში გამოგზავნილი თანხის რაოდენობა დოლარში შემცირებულია.

ფულადი გზავნილების მიხედვით ოქტომბერში უმსხვილესი დონორი ქვეყნების სია კი ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი $36 მილიონი
  2. იტალია $9.6 მილიონი
  3. აშშ $8.8 მილიონი
  4. საბერძნეთი $7.9 მილიონი
  5. თურქეთი $5.0 მილიონი

ფულადი გზავნილები საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა. მისი შემცირება კი ეროვნული ვალუტის კურსზე უარყოფით გავლენას ახდენს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული 12 თვის განმავლობაში ფულადი გზავნილების მოცულობა $386 მილიონით შემცირდა. 

ოქტომბერში საქართველოდან უცხოეთში $15.1 მილიონი გაიგზავნა.

კომენტარები