იაპონიის ეკონომიკა

იაპონიის ეკონომიკა მესამე კვარტალში შემცირდა, ქვეყანა რეცესიას უბრუნდება

Thomas Peter / Reuters

2015 წლის მესამე კვარტალში იაპონიის ეკონომიკა პროგნოზირებულზე უფრო მეტად, 0.8%-ით შემცირდა. ქვეყნის ეკონომიკა უკვე ნახევარი წელია მცირდება, მეორე კვარტალი იაპონიამ მინუს 0.2%-იანი შემცირებით დაასრულა, პირველ კვარტალში კი ეკონომიკური ზრდა 1% იყო. იაპონიის სტატისტიკის ბიუროს მიერ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ქვეყნის მთავარი საფონდო ინდექსი Nikkei 225 1%-ით შემცირდა.

ჩინეთი იაპონიის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია, იაპონიაში წარმოებული პროდუქციის 18% ჩინური ბაზრისთვის არის განკუთვნილი. ჩინური ბირჟების ვარდნის გამო, აზიის უმსხვილესი ეკონომიკის თაობაზე ბევრი ეჭვი გაჩნდა. 2015 წელს იაპონიაში ბიზნესის ნდობის ინდექსიც გაუარესდა, რაც ადგილობრივი კომპანიების მიერ შემცირებულ ადგილობრივ ინვესტიციებში გამოიხატება. ჩინეთი იაპონიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, იაპონიის იმპორტის 21% სწორედ მასზე მოდის, ჩინეთში გაუარესებული ვითარების გამო კი გაჩნდა ეჭვი, რომ ის იაპონიის საწარმოო სექტორს ვეღარ მოამარაგებს სათანადო რაოდენობისა და ფასის ინდუსტრიული მასალებით, რომელთა მეშვეობითაც იაპონური საწარმოო სექტორი პროდუქციას უშვებს. 

იაპონიის მთავრობის კრიტიკოსები რეცესიის რისკზე საუბრობენ და პასუხისმგებლობას პრემიერ შინძო აბეს აკისრებენ. იაპონიის მთავრობის გათვლით, ეკონომიკის შემცირება გარდაუვალი იყო, თუმცა შემცირების მასშტაბი მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებელს ოთხჯერ აღემატება. აბემ თანამდებობა 2012 წელს მოიპოვა, ამ პერიოდის მანძილზე ექსპორტის მიმართულებით მაჩვენებლები გაუმჯობესდა. ექსპორტის წახალისების მიზნით იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა შეარბილა და იენის დევალვაციას ხელი შეუწყო, რის გამოც იაპონური პროდუქცია უცხოეთში შედარებით გაიაფდა. თუმცა მთავრობამ ვერ შეძლო მოსახლეობის შემოსავლებისა და ხარჯების გაზრდა, ასევე ვერ გაზარდა ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტიციების მოცულობა. შინძო აბეს მმართველობის პერიოდში ქვეყანამ ეკონომიკური ზრდის ექვსი, კლების კი ხუთი კვარტალი გამოიარა. 

რეცესიის რისკების გამო ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა ეკონომიკური სტიმულების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღოს, რაც ტრილიონობით იენის ბაზრისთვის მიწოდებაში გამოიხატება. ამ გზით ქვეყანაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდება, რაც ბიზნესს განვითარებაში დაეხმარება, მოსახლეობას კი ხარჯვის ზრდა შეეძლება, თუმცა მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ეკონომიკისთვის გარკვეული რისკებიც აქვს. ზედმეტმა ინტერნევციებმა ქვეყნის ზოგიერეთ სექტორში ბუშტის გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს, რაც მომავალში შესაძლოა ახალ რეცესიაში აისახოს. 

კომენტარები