12 ნოემბერს ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელშიც სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი და მისი მოადგილე ენტონი ბლინკენი მონაწილეობდნენ. ქართულ მხარეს კი ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარმოადგენდა.
ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიან, კონკურენტულ გარემოში ჩატარებისა და პოლიტიკური, მედია და სამოქალაქო საზოგადოებისათვის თავისუფალი სივრცეების არსებობის მნიშვნელობა.
"აშშ კმაყოფილებით აღნიშნავს რუსთავი 2-ის საქმის სააპელაციო განხილვასთან დაკავშირებულ მოვლენათა განვითარებას, რომელიც წინსვლისა და მედია პლურალიზმის დაცვის შესაძლებლობას ქმნის. ორივე მხარემ აღნიშნა ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მნიშვნელობა. ამერიკული მხარე იწონებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მართლმსაჯულების, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით და გამოთქვამს იმედს, რომ სიღრმისეული რეფორმები გაგრძელდება როგორც საკანონმდებლო ასევე პრაქტიკულ დონეზე. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ რეფორმების გაგრძელება მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და გაძლიერებისთვის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ", - ნათქვამია განცხადებაში.





