რუსთავი 2-ის საქმე

სალია: ყველას ახსოვს, ჩვენ სასარგებლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება

პაატა სალია
რუსთავი 2

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმების შეჩერებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ დროებითი მმართველობის გაუქმებით არ იცვლება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. სალია იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას რუსთავის 2-ის წილების ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთნებასთან დაკავშირებით ძალაში დატოვებს. 

"დროებითი მმართველობის საკითხის გადაწყვეტით არსებით არ წყდება ეს თემა, დროებითი მმართველის ინსტიტუტი ეს იყო ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიება, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით იმისათვის, რომ კომპანიის დღევანდელ ხელმძღვანელობას არ განეხორცილებეინა კომპანიისთვის საზიანო მოქმედებები, თუმცა როგორც ხედავთ ამის შესაძლებლობა ჩვენ წაგვერთვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუმცა ალბათ ყველას ახსოვს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენ სასარგებლოდ. სასამართლომ კომპანიის წილები მიაკუთვნა ქიბარ ხალვაშს, იმედი გვაქვს, რომ ზემდგომ სასამართლოებშიც ეს გადაწყვეტილება ზალაში დარჩება და ადრე თუ გვიან ქიბარ ხალვაში კომპანიის ფლობას შეუდგება." - იმედთან საუბარში აცხადებს პაატა სალია.

საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს შეაჩერა ის ნორმები, რომლებსაც თამაზ ურთმელიძე დაეყრდნო, როდესაც კომპანიაში დროებითი მმართველები დანიშნა. საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში ნატქვამია, რომ ამ ნორმების არსებობას კომპანიისთვის გამოუსწორებელი ზიანის მოტანა შეეძლოთ, ამიტომაც განხილვის პერიოდში სასამართლომ ნორმათა მოქმედება შეაჩერა. 

"საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები მკაფიოდ არ განსაზღვრავს დროებითი მმართველის უფლებამოსილებების ფარგლებს. ამავე დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების მიხედვით და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტების თანახმად, დროებითი მმართველი აღჭურვილია ფართო უფლებამოსილებებით, რომელიც, მათ შორის, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და მე-91 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს და შესაძლოა დამატებით განისაზღვროს სამოქალაქო დავის განმხილველი მოსამართლის  მიერ.

ამდენად, სადავო ნორმები არ გამორიცხავს დროებითი მმართველის უფლებამოსილებას, მათ შორის, წარმოადგინოს ტელეკომპანია მესამე პირებთან ურთიერთობაში, გაასხვისოს, მართოს ან/და უფლებრივად დატვირთოს იურიდიული პირის (შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის) ქონება მისი პარტნიორის ნების საწინააღმდეგოდ. ის ასევე აღჭრუვილია ფართო უფლებამოსილებით, განსაზღვროს მაუწყებლის სატელევიზიო ბადე, დადოს ხელშეკრულება ან უარი თქვას მასზე, აღიაროს მესამე პირის წინაშე არსებული ვალდებულებები ან უარი თქვას მათ აღიარებაზე.  ამავე დროს აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა არ შეიცავს ეფექტურ სამართლებრივ გარანტიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ დროებითი მმართველის მიერ კომპანიისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ადეკვატურ და პროპორციულ კომპენსაციას.

ყოველივე ამან შესაძლოა გამოიწვიოს მოსარჩელის (შპს „ტელეკომპანია საქართველო“) საკუთრებაში არსებული შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ქონების ღირებულების შეცვლა, მისი შემცირება, ასევე პარტნიორის ნების საწინააღმდეგოდ ქონების გასხვისება, რამაც შეიძლება წარმოშვას გამოუსწორებელი ზიანი, რომლის ანაზღაურებაც ვერ მოხერხდება დროებითი მმართველის წინააღმდეგ სამოქალაქო დავის წარმოების გზით." - წერია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში. 

კომენტარები