რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის დემოკრატიას შანსი მისცა

ნიკა გვარამია
რუსთავი 2

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ TV საქართველოსა და ძმები ყარამანიშვილების სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასთან და თამაზ ურთმელიძის მიერ გამოყენებული ნორმების შეჩერებასთან დაკავშირებით რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. გვარამიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს ქართულ დემოკრატიას შანსი მისცა. 

"დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს დემოკრატიას შანსი მისცა, ასევე შანსი მისცა მის ევროატლანტიკურ მომავალსა და თავისუფალ მედიას. მან მისცა შანსი საქართველოს მტავრობას სახე შეინარჩუნოს და ღირსეულად გავიდეს ამ პროცესებიდან. ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ და ვზეიმობთ ამ გამარჯვებას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დღეს გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ, რომლის ყველაზე დემოკრატიულმა და ეფექტურმა ინსტიტუტმა საკონსტიტუციო სასამართლომ მოახერხა ის რომ ჩიხური სიტუაციიდან გამოიყვანა მთელი ქვეყანა."- ამბობს ნიკა გვარამია.

მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, 24-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი ითვალისწინებს სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოს იმ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესაძლებლობას, რომელიც არ არის გადაცემული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტი ადგენს სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დაავალდებულოს მოპასუხე მის მფლობელობაში არსებული ნივთი გადასცეს აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით, ხოლო მე-3 ნაწილის პირველი წინადადება კი განსაზრღვრავს, რომ გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი ღონისძიებებისა, სასამართლოს შეუძლია, გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის.

კომენტარები