რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციოს შეცდომაში შეყვანა უნდათ

ნიკა გვარამია
რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დროებით უფლებამოსილებააღდგენილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თვლის, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება გვარამიასა და კახა დამენიას უფლებამოსილებების აღდგენისა და დროებითი მმართველის უფლებამოსილების შეჩერება განჩინების კანონში შესვლამდე - სასამართლოს ხრიკია და საკონსტიტუციო სასამართლოს შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. გვარამია მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით არ შეიძლება ნორმების შეჩერებაზე უარის თქმა, რადგან ის ფიქციაა და "ხვალვე შექცევადი".

"გადაწყვეტილება იმ დაბურული უღრანი ტყის შემადგენელი ნაწილია, რომელიც მოსამართლე ურთმელიძემ ამ საქმესთან დაკავშირებით შექმნა თავისი ფსევდომართლმსაჯულებით. სრულიად გაუგებარია ეს გადაწყვეტილება - ჯერ ერთი, რა საჩქარო იყო - საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის შეჩერება/არშეჩერებაზე მსჯელობს. მე გეტყვით, რატომ იყო საჩქარო და რისთვის არის სინამდვილეში ამ გადაწყვეტილების შედეგი მიმართული - ამ გადაწყვეტილებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლა საკონსტიტუციო სასამართლოზე გაჟღერდეს, რომ უკვე აღარ არის ზიანის საფრთხე და, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს დაუსაბუთონ, რომ ნორმები არ უნდა შეჩერდეს იმიტომ, რომ ამოწურულია პრობლემა. სინამდვილეში თავისთავად ცხადია, პრობლემა ამოწურული არ არის.

ეს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ, რომ ეს განჩინებავე საჩივრდება თვითონ ურთმელძესთან, რომელმაც შეიძლება, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ თუ უარი განაცხადა ნორმის შეჩერებაზე, ზეგ უკვე ახალი განჩინება გამოიტანოს და თქვას, რომ დასაბუთებულია ქიბარ ხალვაშის მხარის შუამდგომლობა და ახლა შემომყავს დროებითი მმართველები.

ეს არის სრული სამართლებრივი დომხალი, რასაც ურთმელიძე აკეთებს. ურთმელიძე რა - სასამართლო სისტემა აკეთებს დაკვეთით.

ამიტომ, როგორც ამ პროცესის მონაწილე პირი, მივმართავ საკონსტიტუციო სასამართლოს - ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტური ფიქცია, რომელიც შექცევადია ხვალვე. შესაბამისად, ამაზე დაყრდნობით არ შეიძლება არანაირი რეზულტატის წინასწარმეტყველება და ამაზე დაყრდნობით არ შეიძლება უარის თქმა იმაზე, რასაც ჰქვია იმ ნორმების დაუყოვნებლივ შეჩერება, რომელიც ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში.

ეს არის ხრიკი, რომელსაც მიმართა მოსამართლე ურთმელიძემ იმ ადამიანების დაკვეთით, ვინც ამას გეგმავს. ეს ყველაფერი მიმართულია საკონსტიტუციო სასამართლოს შეცდომაში შესაყვანად", - თქვა გვარამიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე უფლებამოსილება აღუდგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაშის განცხადების საფუძველზე, რომ ტელეკომპანიის წილს დავით დვალს გადასცემს, განჩინების ნაწილი დვალის დროებით მმართველად დანიშვნის შესახებ გაუქმდა. რევაზ საყევარიშვილს კი შეუჩერდა დროებითი მმართველის უფლებამოსილება სასამართლოს ყველა ინსტანციაში განჩინების განხილვის დასრულებამდე.

კომენტარები