რუსთავი 2-ის საქმე

დავით დვალი: ცალმხრივად ვანიჭებთ ზაალ უდუმაშვილს რ2-ის მართვის უფლებას

დავით დვალისა და რევაზ საყევარიშვილის თქმით, ისინი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მართვის უფლებას გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილს ცალმხრივად ანიჭებენ. როგორც ცნობილია, მათ ამგვარი წინადადებით ტელეკომპანიას ადრეც მიმართეს, თუმცა, არხის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა. ტელეკომპანია თამაზ ურთმელიძის განჩინებას დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ უკანონოდ მიიჩნევს და, შესაბამისად, არხის მოსაზრებით, დვალი და საყევარიშვილი რუსთავი 2-ის დროებითი მმართველები არ არიან.

დვალის და საყევარიშვილის თქმით, უფლებამოსილების მინიჭების დადგენილება ტელეკომპანიაში დღეს გაიგზავნება. "უდუმაშვილს აქვს სრული უფლება, აფუნქციონიროს რუსთავი 2", - ამბობს დავით დვალი. მისი განმარტებით, უდუმაშვილს უფლებამოსილებას ანიჭებენ იქამდე, სანამ სასამართლოს ყველა ინსტანციაში განჩინების განხილვა დასრულდება.

ჯერჯერობით უცნობია არხის ხელმძღვანელობის პასუხი. ტელეკომპანიამ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ სასამართლოში უკვე გაასაჩივრა.

როგორც ცნობილია, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. საკონსტიტუციო სასამართლომ კი დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა შეაჩერა. თუმცა, მოსამართლემ მაინც გამოსცა განჩინება და არხის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დანიშნა.

კომენტარები