რუსთავი 2-ის საქმე

ვარძელაშვილი: ჩემი მეუღლე გვარამიასთან 5 თვე მუშაობდა

ჩემი მეუღლე დაახლოებით 5 თვის განმავლობაში მუშაობდა განათლების სამინისტროში ბატონ გვარამიასთან ერთად. მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამინისტრო ამ დროის გასვლის მერე. რამდენად არის ეს საფუძველი იმისთვის, რომ მოსამართლის ობიექტურობაში იქნას შეტანილი ეჭვი, ამ საკითხს, ცხადია, სასამართლო შეისწავლის და უპასუხებს. გადაწყვეტილებას მოსამართლე არ იღებს ერთპიროვნულად ჩვენთან, გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიალურად სასამართლო და ეს საკითხიც გახდება კოლეგიის შეფასების საგანი. ბატონ ლევან ბერძენიშვილთან ჩემი მეუღლე არ მუშაობდა. მე მქონდა გარკვეული შეხება მასთან. ჩვენ გვქონდა საინტერესო პერიოდში თანამშრომლობის შესაძლებლობა. მისი მოადგილე არ ვყოფილვარ, მაგრამ საინტერესო იყო მასთან მუშაობა იმ პროექტებზე, რომლებსაც მაშინ ფონდი ქართუ ახორციელებდა. ბატონი ლევანი იყო ფონდის დირექტორი. ასევე, ვმუშაობდი სხვადასხვა დროს იუსტიციის სამინისტროში, 2004-2006 წლებში, თუმცა, მაშინ არც ბატონი ნიკა გვარამია იყო სამინისტროს ხელმძღვანელი და არც ბატონი ზურაბ ადეიშვილი. ამ პერიოდში არცერთი ხელმძღვანელობდა სამინისტროს. მიუხედავად ამისა, რადგან კითხვები არსებობს, რადგან კითხვები გაუჩნდა დავის მონაწილე ერთ-ერთ მხარეს - საქართველოს პარლამენტს, ცხადია, სასამართლო ვალდებულია, რომ ეს კითხვები შეისწავლოს და გასცეს პასუხი, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც შუამდგომლობა ოფიციალურად შემოვა სასამართლოში.

პარლამენტი რუსთავი 2-ის სარჩელების განხილვისას მოსამართლეების, კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის აცილებას ითხოვს იმ მოტივით, რომ ისინი რუსთავი 2-თან მიმართებით მიკერძოებულად და არაობიექტურად მოქმედებენ. როგორც შუამდგომლობის ტექსტში წერია, კონსტანტინე ვარძელაშვილის მეუღლე ანა ჟვანია და მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას მინისტრობისას მისი მოადგილეები იყვნენ.

კომენტარები