რუსთავი 2-ის საქმე

"გადაწყვეტილების დებულება არ არის რ2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა"

იუსტიციის უმაღლესი საბჭო
hcoj.gov.ge

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების აზრით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილების დებულება, სადაც აღნიშნულია, რომ "საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ინფორმაციის გაშუქებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდი“, არ არის ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა.

ამის შესახებ საბჭოს არამოსამართლე წევრების - ევა გოცირიძის, ვახტანგ თორდიას, კახა სოფრომაძის, გოჩა მამულაშვილისა და ვახტანგ მჭედლიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც დღეს გავრცელდა.

"ყველას საყურადღებოდ აღვნიშნავთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დებულება, რომ „საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ინფორმაციის გაშუქებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდი“ , არ წარმოადგენს და არც შეიძლება წარმოადგენდეს ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას, და მით უფრო მის ცენზურას. „ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდის“ გამოყენება წარმოადგენს მედიის თავისუფლებისაგან განუყოფელ მოვალეობას, მედიის თავისუფლების უმთავრეს პრინციპს, ჟურნალისტთა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, საერთაშორისო და საერთო ევროპულ სამართლებრივ სტანდარტს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თითქმის ყველა გადაწყვეტილებაშია მოხსენიებული, რომელიც მედიის თავისუფლებას შეეხება. მედიის თავისუფლების ფარგლები და სამართლებრივი სტანდარტები სწორედ ეროვნული კონსტიტუციებით, საერთაშორისო კონვენციებით, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების განმარტებებით არის დადგენილი და არა ცალკეულ მედიასაშუალებებში დასაქმებულ ჟურნალისტთა პირადი შეხედულებით. საკუთრების უფლების ხელშეუვალობაც და გამოხატვის თავისუფლებაც დემოკრატიის მთავარ საყრდენებს წარმოადგენს, და მათი უზრუნველყოფა ერთმანეთის უგულვებელყოფის ხარჯზე კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ მათი თანაბარი დაცვით, ინდივიდური და საჯარო ინტერესების გონივრული დაბალანსებით, რაც სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობის მეშვეობით უნდა განხორციელდეს" - აღნიშნავენ იუსტიციის უმაღლეასი საბჭოს არამოსამართლე წევრები.

5 ნოემბერს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერდა და რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ. თამაზ ურთმელიძე განჩინებაში რუსთავი 2-სთვის დროებითი მმართველის დანიშვნას იმითაც ხსნის, რომ ტელეკომპანია მიმდინარე პროცესს კრიტიკულად აშუქებს.

მოსამართლემ ტელეკომპანია რუსთავი 2 ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს 3 ნოემბერს მიაკუთვნა. თუმცა იქამდე, 2 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის ამოქმედება გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩერა. შესაბამისად, მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება იქამდე არ უნდა აღსრულებულიყო, სანამ საქმეს სამივე ინსტანციის სასამართლი არ განიხილავდა.

 

კომენტარები