რუსთავი 2-ის საქმე

გვენეტაძე: იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეეცდება პასუხი გასცეს არსებულ შეკითხვებს

თეორემა/ტაბულა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, ორშაბათს, 9 ნოემბერს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეხვედრა, რომელსაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძეც დაესწრება. ნინო გვენეტაძის თქმით, საბჭო შეეცდება პასუხი გასცეს საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას.

"ჩვენ ორშაბათს გვექნება სხდომა და იმ ნაწილში, სადაც ინფორმაციულად, მიმდინარე სამართალწარმოების საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების კითხვები გაჩნდა, ჩვენ მივცემთ ინფორმაციას საზოგადოებას. სხვა მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ მე კომენტარს და განცხადებას ვერ გავაკეთებ. შევეცდებით ჩვენ, რომ როგორც საზოგადოებას მივაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროცესის ორგანიზაციული და სხვა მიმართულებების მხრივ, ასევე უზრუნველვყოთ მოსამართლის მაღალი ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გარანტიები ამ პროცესში. განცხადების გაკეთების შემდეგ ბატონმა თამაზმა დააფიქსირა თავისი პოზიცია და ვიმედოვნებთ, რომ ის ორშაბათს იქნება იუსტიციის საბჭოს სხდომაზე" - განაცხადა გვენეტაძემ.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით, გუშინ, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერდა და რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.

თამაზ ურთმელიძის აღნიშნული განჩინება საჯარო რეესტრს ქიბარ ხალვაშის ადვოკატებმა წარუდგინეს და მისი დაჩქარებული წესით რეგისტრაცია მოითხოვეს. 

ამავე განჩინების მეთორმეტე პუნქტის მიხედვით, ურთმელიძის ეს განჩინება საკონსტიტუციო სასამათლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფით, დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.

კომენტარები