რუსთავი 2-ის საქმე

ია ანთაძე: არ მიმაჩნია, რომ რ2-ზე გადის სიტყვის თავისუფლების წითელი ხაზი

მგონი, მოვიდა დრო, ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით: არ მიმაჩნია, რომ ამ ტელევიზიაზე გადის სიტყვის თავისუფლების წითელი ხაზი, ან, მით უმეტეს, ევროინტეგრაციის, პოლიტიკური ორიენტაციის, ღირებულებების და ასე შემდეგ... ჩემთვის ეს არის ტელევიზია, რომელიც ხან სამართლიანი კრიტიკის იარაღია (როგორც "ნარუშილოვკების" შემთხვევაში), ხან მანიპულაციის (როგორც გრიშენკოს შემთხვევაში). დარწმუნებული ვარ, დავით დვალი ბეეევრად მეტ თავისუფლებას უზრუნველყოფს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებისთვის, ვიდრე დღეს აქვთ, ან ოდესმე ჰქონიათ ბოლო მრავალი წლის განმავლობაში. თუმცა, მე, როგორც მოქალაქეს, სულ არ მეჩქარება ცვლილებები ტელევიზიაში და მზად ვარ, დაველოდო სამართლებრივი პროცესის დასრულებას. მომწონს კიდეც ეს "პაუზა", რომელიც ყველა მხარეს დაიცავს მძიმე შეცდომებისგან.

სამაგიეროდ, "რუსთავი 2"-ის პროცესმა დამარწმუნა (ჩემი აზრია!), რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლო ისევ და ისევ ვერ გათავისუფლდა პოლიტიკური გავლენისგან. ამას ვამბობ როგორც საკონსტიტუციო, ისე საერთო სასამართლოებზე. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ან პაპუაშვილი და ან ურთმელიძე საკუთარი ნებით იჭრიდნენ თავს მთელი ქვეყნის და, შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიოს წინაშე.

ასე რომ, ჩემთვის "რუსთავი 2"-ის საქმე თავისუფალი მედიისთვის კი არა, სინამდვილეში, თავისუფალი სასამართლოსთვის ბრძოლის საქმედ ჩამოყალიბდა. "რუსთავი 2" ბევრად მალე დალაგდება და გათავისუფლდება, ვიდრე სასამართლო.

შესაბამისად, საზოგადოების მთავარი ამოცანა არა სიტყვის თავისუფლებისთვის, არამედ სასამართლოს გათავისუფლებისთვის ბრძოლა უნდა გახდეს - აი, ეს გავიგე "რუსთავი 2"-ის "ქეისიდან".

P.S. საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით პრობლემად მიმაჩნია არა გადაწყვეტილებების შინაარსი, არამედ, მოსამართლეების მოტივაცია და ქცევა.

წერს ჟურნალისტი ია ანთაძე facebook-ში.

კომენტარები