საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს პასუხობს. ის ფიქრობს, რომ მნიშვნელობა არა დეტალებს, არამედ წამოწეულ საკითხებს აქვს.
"მოვისმინე იუსტიციის მინისტრის განცხადება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მთლიანობაში შევხედოთ იმას, რაც ელჩმა თქვა, მოგვარდეს ის საკითხები, რაც მან ამ განცხადებაში მკაფიოდ წამოწია და არ გამახვილდეს ყურადღება მხოლოდ ამ განცხადების პატარა დეტალებზე", - თქვა ბერლინერმა.
დღეს წულუკიანმა გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოსგან განმარტება მოითხოვა.
"მე მინდა, მეგობრულად ვთხოვო აშშ-ის საელჩოს საქართველოში, განმიმარტოს, რას ნიშნავს "ღამით მომხდარი პროცესები" და ხელი დამიდოს იმ დოკუმენტზე, იმ პროცესზე, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა ღამით. მე ველოდები პასუხს, რადგან შეშფოთებით ვნახე ის განცხადება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გააკეთა და რომელიც არაპირდაპირ აკნინებს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს, როგორც ინსტიტუტს. სასამართლო გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა 18:00 საათზე და დღეს დილით, 09:20 საათზე რეგისტრაციაში გატარდა", - თქვა წულუკიანმა.





