რუსთავი 2-ის საქმე

პრემიერი R2-ზე: კერძო სასამართლო დავას არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური სარჩული

ირაკლი ღარიბაშვილი
რუსთავი 2

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, "კერძო სასამართლო დავას და, მით უფრო, მასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური სარჩული". ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებაზე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, მიუკერძოებელი გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ დამოუკიდებელი სასამართლოს პრეროგატივაა.

"ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი არის კერძო კომპანიის მფლობელობასთან დაკავშირებული სასამართლო დავა. ბუნებრივია, რომ ორივე მხარე იყენებს ყველა არსებულ იურიდიულ ბერკეტს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად.

ჩვენი, ხელისუფლების ვალია უზრუნველყოს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სრულად იქნება დაცული სასამართლოს და მედიის დამოუკიდებლობა, რადგან სწორედ ამ ორ უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ ინსტიტუტზე დგას ჩვენი სახელმწიფოს განვითარება.

ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, ასეთ სახელმწიფოში კი კერძო სასამართლო დავას და, მით უფრო, მასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური სარჩული. ასეთი საქმეები 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ ჩავაბარეთ ისტორიას.

ჩვენ ვაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც მედიის თავისუფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და სადაც ამ თემით სპეკულირების უფლება არავის აქვს.

ამ საქმესთან დაკავშირებით მიუკერძოებელი გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი სასამართლოს პრეროგატივაა.
პროცესი უნდა წარიმართოს მაქსიმალურად ღიად, რათა საზოგადოებამ მიიღოს დეტალური ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.
ხელისუფლებამ, მედიამ, სასამართლომ და საზოგადოებამ – ყველამ უნდა უზრუნველვყოთ როგორც მედიის, ისე სასამართლოს დამოუკიდებლობა, რათა არავის მხრიდან არ მოხდეს ამ ინსტიტუტების გამოყენება ვინმეს პარტიული თუ პოლიტიკური მიზნებისთვის", - ნათქვამია პრემიერმინისტრის განცხადებაში.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებით, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერდა და რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ. მოსამართლე თამაზ ურთმელიძე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლს (გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა) ეყრდნობა, რომლის მიხედვით, "სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად". ხსენებული ნორმა, მისივე შინაარსიდან გამომდინარე, არ ვრცელდება დაუყოვნებლივი აღსრულების პროცედურებზე - მოსამართლეს მხოლოდ იმ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლია, რაც დაუყოვნებლივ აღსრულებას არ ექვემდებარება. ეს კი ურთმელიძის გადაწყვეტილების საპირისპიროა - მან ნორმა სწორედ დაუყოვნებელი აღსრულებისთვის გამოიყენა. ამის გარდა, მოსამართლე თამაზ ურთმელიძე განჩინებაში რუსთავი 2-ისთვის დროებითი მმართველის დანიშვნას, მათ შორის, იმით ხსნის, რომ ტელეკომპანია მიმდინარე პროცესს კრიტიკულად აშუქებს.

კომენტარები