რუსთავი 2-ის საქმე

NGO-ები: რუსთავი 2-ზე ზეწოლა დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს

არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დააყენონ რუსთავი 2-ის საკითხი საქართველოს ხელისუფლების წინაშე. NGO-ების შეფასებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინება ანგრევს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას და მედიაპლურალიზმს.

"ეს განჩინება ნათელს ხდის, რომ ბოლო დროს რუსთავი 2-ის მიმართ განხორციელებული თავდასხმების რეალური მოტივი მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა იყო. დღეს ცხადია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილების გვერდის ავლით, რომელმაც ხელი შეუშალა 3 ნოემბერს სამოქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას. ეს გადაწყვეტილება ანგრევს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას, ფუნდამენტალურად ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას, ანგრევს ქვეყანაში მედიაპლურალიზმს და აქვს გავლენა საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგსა და სტაბილურობაზე. რუსთავი 2-ის, როგორც კრიტიკული მედიის მხარდაჭერა, არის არსებითად აუცილებელი საქართველოს დემოკრატიისთვის, მითუმეტეს იმ დროს, როდესაც ახლოვდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მეგობარს საქართველოში, დაუყოვნებლივ დააყენონ ეს საკითხი საქართველოს ხელისუფლების წინაშე, უახლოესი შესაძლებლობისთანავე და უმაღლეს შესაძლო დონეზე. რუსთავი 2-ზე ზეწოლა დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და მან უნდა გააგრძელოს მაუწყებლობა შეფერხებების გარეშე. ასევე, რუსთავი 2-ს უნდა ჰქონდეს ობიექტური სასამართლოს უფლება, რასაც დღეს არ აძლევენ.

გადამწყვეტი და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ მოძებნოს კანონიერი გზები ამ ძალიან სახიფათო ჩიხიდან გამოსასვლელად. ინტერნაციონალური საზოგადოების როლი ამ პროცესში აბსოლუტურად მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიის ამ კრიტიკულ, კრიზისულ მომენტში", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნები, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, მედიის განვითარების ფონდი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ატლანტიკური საბჭო, ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი, სამოქალაქო განათლების ფონდი და სხვა.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებით, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერდა და რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ. მოსამართლე თამაზ ურთმელიძე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლს (გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა) ეყრდნობა, რომლის მიხედვით, "სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად". ხსენებული ნორმა, მისივე შინაარსიდან გამომდინარე, არ ვრცელდება დაუყოვნებლივი აღსრულების პროცედურებზე - მოსამართლეს მხოლოდ იმ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლია, რაც დაუყოვნებლივ აღსრულებას არ ექვემდებარება. ეს კი ურთმელიძის გადაწყვეტილების საპირისპიროა - მან ნორმა სწორედ დაუყოვნებელი აღსრულებისთვის გამოიყენა. ამის გარდა, მოსამართლე თამაზ ურთმელიძე განჩინებაში რუსთავი 2-ისთვის დროებითი მმართველის დანიშვნას, მათ შორის, იმით ხსნის, რომ ტელეკომპანია მიმდინარე პროცესს კრიტიკულად აშუქებს.

კომენტარები