რუსთავი 2-ის საქმე

ურთმელიძემ გვარამია გადააყენა და დვალი და საყევარიშვილი დანიშნა

თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინება
საჯარო რეესტრი

დღეს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერდა და რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.

თამაზ ურთმელიძის აღნიშნული განჩინება დღეს საჯარო რეესტრს ქიბარ ხალვაშის ადვოკატებმა წარუდგინეს და მისი დაჩქარებული წესით რეგისტრაცია მოითხოვეს. 

ამავე განჩინების მეთორმეტე პუნქტის მიხედვით, ურთმელიძის ეს განჩინება საკონსტიტუციო სასამათლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფით, დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.

განჩინების დასაბუთებაში მოსამართლე ურთმელიძემ რუსთავი2-ისთვის დროებითი მმართველის დანიშვნის აუცილებლობა, სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე რუსთავი2-ის ქონების გაფლანგვის პრევენციით ახსნა. შეგახსენებთ, რომ ამავე მოსამართლემ, ჯერ კიდევ რუსთავი2-ის საქმეზე სასამართლო განხილვის დაწყებამდე, ტელეკომპანიის ქონება სრულად დააყადაღა, რის შედეგადაც რუსთავი2-ს ქონების განკარგვის უფლება შეეზღუდა.

ცნობისთვის, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს 3 ნოემბერს მიაკუთვნა. თუმცა იქამდე, 2 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის ამოქმედება გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩერა. შესაბამისად, მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება იქამდე არ უნდა აღსრულებულიყო, სანამ საქმეს სამივე ინსტანციის სასამართლი არ განიხილავდა.

კომენტარები