თანამემამულეთა მსოფლიო კონგრესი

პუტინი: რუსეთი საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს ყოველთვის დაიცავს

ТАСС

"რუსეთი საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს ყოველთვის დაიცავს. ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო რუსეთის საზღვრებს გარეთ იმყოფებიან, დარწმუნებული უნდა იყვნენ - ჩვენ, თქვენს ინტერესებს ყოველთვის დავიცავთ, მით უმეტეს, მძიმე კრიზისულ სიტუაციებში, მაგალითად, ლიბიაში, სირიაში ან იემენში", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თანამემამულეთა მსოფლიო კონგრესზე ისაუბრა.

პუტინისვე თქმით, რუსეთის ხელისუფლება გააგრძელებს საზღვარგარეთ მოქმედი რუსულენოვანი მედიასაშუალებების მხარდაჭერას.

ვლადიმერ პუტინმა მომავალ გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ რუსული კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების და რუსული კულტურულ-სამეცნიერო ცენტრების მხარდაჭერის გაზრდა იგეგმება. მისივე თქმით, ასევე მზადაა საზღვარგარეთ რუსული სკოლების განვითარების კონცეფცია. როგორც რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ხელისუფლება შეშფოთებულია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ცდილობენ რუსულენოვანი განათლების სისტემის განადგურებას და ხელს უშლიან რუსული თეატრებისა და ბიბლიოთეკების მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ თანამემამულეთა მსოფლიო კონგრესი მოსკოვში დღეს გაიხსნა და ფორუმში მონაწილეობას იღებს 400 დელეგატი 97 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც.

კომენტარები