საქართველოს ევროინტეგრაცია

ღარიბაშვილი: ჩვენ ერთგულად, სტაბულურად მივყვებით ევროინტეგრაციის გზას

www.facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონეთში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა. ღარიბაშვილმა ესტონეთი ქართველ ჟურნალისტებთან საუბრის დროს მეგობარ ქვეყანად მოიხსენია და მადლობა გადაუხადა ესტონელ ხალხს და მთავრობას მხარდაჭერისთვის.

"ესტონეთი არის გამორჩეული მეგობარი სახელმწიფო ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო მადლიერებით, რომ ის დახმარება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ესტონეთისგან, არის უპრეცედენტო. მართლაც, არც ერთი სფერო არ არის დარჩენილი, რომელშიც ესტონური მხარე არ გვიწევს დახმარებას. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ესტონეთის დახმარება ევროკავშირის ინტეგრაციის მიმართულებით. ასევე დიდი მხარდაჭერა გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის კუთხით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო რჩება ერთადერთ ერთგულ, წარმატებულ ქვეყანად, რომელიც მტკიცედ მიუყვება ევროინტეგრაციის გზას.

"აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო არის გამორჩეული ნათელი წერტილი, ვინაიდან სხვა ქვეყნებში, სამწუხაროდ, არის პრობლემები. მათ, ასე ვთქვათ, მოუწიათ გადახედვა საკუთარი მიზნებისა და ამოცანების. ჩვენ ვრჩებით ერთადერთ ერთგულ, წარმატებულ ქვეყანად, როგორც სტაბილური ქვეყანა, რომელიც მტკიცედ მიუყვება ევროინტეგრაციის გზას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მე მადლიერებით მსურს დავაფიქსირო პრემიერმინისტრის მხარდაჭერა, მისი ჩართულობა, პრეზიდენტის, პარლამენტის. ჩვენ ესტონეთთან ყველა დონეზე გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა. ასე რომ, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის მეტად მნიშვნელოვანი ვიზიტი,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები