რუსთავი 2-ის საქმე

"საქართველოში დემოკრატია ყვავის" - საქართველოს ელჩი აშშ-ში WP-ს პასუხობს

"საქართველოში დემოკრატია და მედიაპლურალიზმი ყვავის" - ამ სათაურის წერილით ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი, არჩილ გეგეშიძე ამერიკულ გამოცემა Washington Post-ს მიმართავს. ამ გზით ელჩი საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ვაშინგტონ პოსტის სარედაქციო წერილს ეხმაურება და ამბობს, რომ ის არასწორად ასახავს დემოკრატიის მდგომარეობას საქართველოში. არჩილ გეგეშიძე მედიაპლურალიზმისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში პროგრესზე საუბრობს.

"2012 წელს ამჟამინდელი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიაპლურალიზმისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ. ყველა მონაცემის თანახმად, საქართველო უფრო თავისუფალი და დემოკრატიულია, ვიდრე ოდესმე. ორგანიზაციის „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე" მსოფლიო პრესის 2015 წლის თავისუფლების ინდექსის თანახმად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს რეიტინგმა აიწია 35 საფეხურით და დღეს ქვეყანა 69-ე ადგილზეა 180 სახელმწიფოს შორის. რუსთავი 2-ის მფლობელებს შორის დავა მიმდინარეობს სავალალო მემკვიდრეობის ფონზე. ამ საქმის ფესვებს წარსულში მივყავართ, როცა საკუთრების უსამართლოდ მითვისება და იძულება ყოველდღიურ მოვლენას წარმოადგენდა საქართველოში. ამ დავის გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის სამართლიანი და გამჭვირვალე სასამართლო პროცესი, რომელსაც მაქსიმალურ ყურადღებას მიაქცევენ დაინტერესებული საერთაშორისო არბიტრები. სწორედ სასამართლოს გადასაწყვეტია, ვინ არის კანონიერი მფლობელი. მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, დემოკრატია და კონკურენტული მედიაგარემო მომავალშიც განაგრძობს განვითარების გზაზე სვლას" - აღნიშნავს აშშ-ში საქართველოს ელჩი.

არჩილ გეგეშიძის წერილს წინ უძღვოდა 27 ოქტომბერს გამოქვეყნებული Washington Post-ის სარედაქციო წერილი. რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ამერიკული გამოცემა გამოეხმაურა სტატიით " პოპულარული ტელევიზიის ხელში ჩაგდება ქართული დემოკრატიისთვის დარტყმა იქნება". სარედაქციო წერილში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნება და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ხელში ჩაიგდოს ქვეყნის ყველაზე პოპულარული კრიტიკული ტელეკომპანია.

კომენტარები