რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის ადვოკატები საქმეში ახალი მტკიცებულებების დართვას მოითხოვენ

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატები საქმეში ახალი მტკიცებულებების დართვას მოითხოვენ. საქმე ეხება ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. მოპასუხე მხარის შეფასებით, ქიბარ ხალვაშის განცხადება ეწინააღმდეგება მისი წარმომადგენლების მიერ სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებებს. 

"ე.წ. საბალანსო ნაშთები, რომელიც ხელმოწერილი იყო რევაზ ბერიაშვილის მიერ და, რომელზეც მოსარჩელემ განაცხადა, რომ შედგენილი იყო 2006 წელს, ქიბარ ხალვაშმა გააკეთა განცხადება, რომ მას ეს დოკუმენტები კომპიუტერში ჰქონდა. ეს ადასტურებს, რომ ეს დოკუმენტი 2006 წელს არ შედგენილა", - თქვა რუსთავი 2-ის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

მოპასუხე მხარე პროცესზე კიდევ ერთი შუამდგომლობით წარდგა. კერძოდ, ადვოკატები ზიანის უზრუნველყოფას ითხოვენ. მათი თქმით, ისინი დამატებით აღრიცხვას აღარ ითხოვენ და მხოლოდ მილიონ ასი ათასი დოლარის ზიანის ანაზღაურება სურთ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი ორის საქმის განხილვა ცოტა ხნის წინ დაიწყო. მოპასუხე მხარე დღეს საპაექრო სიტყვით უნდა წარდგეს. ამის შემდეგ მხარეებს რეპლიკების უფლება ექნებათ და მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავა. უცნობია, დღეს გამოაცხადებს თამაზ ურთმელიძე გადაწყვეტილებას თუ ამისთვის რამდენიმე დღე დასჭირდება.

კომენტარები