2016 წლის ბიუჯეტი

ენმ: ბიუჯეტს აქვს რესურსი, რომ 2016 წლიდან პენსია 50 ლარით გაიზარდოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მომავალი წლის ბიუჯეტში გაზრდილი პენსიის გათვალისწინებას ითხოვს. პარტიაში ამბობენ, რომ უსარგებლო ხარჯების შემცირების ხარჯზე, შესაძლებელია პენსიის 50 ლარით ზრდა.

„ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მთავრობას დანაპირების შესრულება და ერთერთი მნიშვნელოვანი თემა ეს არის სწორედ საპენსიო უზრუნველყოფა. ამ პერიოდში მიმდინარეობს ბიუჯეტზე მუშაობა, ის ხელახლა უნდა შემოვიდეს ცოტა ხანში პარლამენტში. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, მთავრობამ შეამციროს ადმინისტრაციული ხარჯები, არასაჭირო პრემიები და დანამატები, ასევე შესყიდვები, რომლებიც ემსახურება მხოლოდ სახელმწიფო მოხელეების კომფორტს - ახალი მანქანები, ახალი ავეჯი და სხვა. ასევე სხვადასხვა პროგრამები, რომლებიც ბიუროკრატიის შესანახად აა ბიუჯეტში და 50 ლარით გაზარდოს პენსია 2016 წლის 1 იანვრიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რესურსი ბიუჯეტში არსებობს და დღეს, გაუფასურებული ლარის პირობებში, სწორედ პენსიონერებს და სხვა სოციალურად დაუცველ ჯგუფებს აქვთ ძალიან რთული მდგომარეობა" - ამბობს გიგი წერეთელი.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტით პენსიების ზრდა გათვალისწინებული არ არის.

კომენტარები