რუსთავი 2-ის საქმე

კვერენჩხილაძე: მმართველი ძალა თვითიზოლაციაშია და კონსულტაციებს გაურბის

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის შეფასებით, მმართველი ძალა თვითიზოლაციაშია და კონსულტაციებსა და დიალოგს გაურბის. კვერენჩხილაძე დეპუტატ გია ვოლსკის განცხადებას გამოეხმაურა.

"შემიძლია, გავიხსენო იგივე გამართული კონსულტაციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან, ასევე არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე თუნდაც უკანასკნელ დღეებში გამართული კონსულტაციები ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ასევე შემიძლია, გავიხსენოთ ის, რომ სამჯერ მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომის მოწვევის შესახებ და, სამწუხაროდ, ეს შეთავაზებები დღემდე პასუხგაუცემელია. ჩამოყალიბდა სამწუხარო ტენდენცია, რომლის მიხედვითაც მმართველი ძალა, რეალურად, თვითიზოლაციაშია და გაურბის დიალოგს და კონსულტაციებს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ამ შეხვედრამდე, რომელზედაც იყო საუბარი, ფრაქციის თავმჯდომარის საპარლამენტო გამოსვლისას, ამ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე პირადად მე მქონდა კომუნიკაცია საკანონმდებლო ორგანოსთან, წერილების დონეზე პარლამენტის თავმჯდომარესთან, უმრავლესობის ლიდერთან, ცალკეული ფრაქციების ხელმძღვანელებთან, თუმცა, სამწუხაროდ, ამ კომუნიკაციას შედეგი არ მოყოლია", - ამბობს კვერენჩხილაძე.

როგორც დღეს უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, შეხვედრისა და კონსულტაციის გამართვის უხერხულობა თავად პრეზიდენტმა შექმნა.

კომენტარები