რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: მოვა დრო და ალექსი ახვლედიანიც მოყვება იმას, რაც მე მოვყევი

ნიკა გვარამია
რუსთავი 2

რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას მთავარ პროკურატურაში ხელმეორედ კითხავენ. უწყებაში შესვლამდე გვარამიამ თქვა, რომ პროკურატურას დამატებითი კითხვები, სავარაუდოდ, ალექსი ახვლედიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით აქვს.

“ჩემთვის არავის განუმარტავს, რატომ დამიბარეს. მითხრეს, რომ დამატებითი შეკითხვები აქვთ. ჩემთვის ცნობილი რაც იყო, მოვყევი, როგორც მოხდა ეს ყველაფერი, მოვყევი. ბატონი ალექსი ახვლედიანი რის მოყოლას თვლის საჭიროდ და რის - არა, ეს მისი საქმეა. მე ამაში ვერ ჩავერევი. უბრალოდ დანამდვილებით ვიცი, რომ მოვა დრო და ალექსი ახვლედიანიც მოყვება იმას, რაც მე მოვყევი და მოყვება კიდევ უფრო მეტს, რაც მისთვის ცნობილია“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა მის მიმართ განხორციელებულ შანტაჟზე 21 ოქტომბერს ისაუბრა. 22 ოქტომბერს ის პროკურატურამ დაკითხა. გვარამიამ შანტაჟის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებლად ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი დაასახელა. ახვლედიანი იმავე დღეს დაკითხეს, თუმცა, პროკურატურის განმარტებით, მან უარყო გვარამიასთვის რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდება. ახლედიანის მტკიცებით, ნიკა გვარამიასთან მას მხოლოდ მეგობრული შეხვედრა ჰქონდა. 

ნიკა გვარამიას და ალექსი ახვლედიანის ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობის გამო, პროკურატურამ ნიკა გვარამიას დამატებით დაკითხვის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები