მონეტარული პოლიტიკა

მიხეილ დუნდუა: ლარის გამყარებისთვის სამომხმარებლო სესხები უნდა შეიზღუდოს

bfm.ge

20/30-ის ექსპერტი მიხეილ დუნდუა ლარის გამყარებისთვის აუცილებელ წინაპირობად სამომხმარებლო სესხების შეზღუდვას ასახელებს. დუნდუას თქმით, სამომხმარებლო სესხები იმპორტულ პროდუქციაზე ზრდის მოთხოვნას, რაც ქვეყნიდან ფულის გადინებას ამცირებს, მათი შეზღუდვის შედეგად კი ქვეყნიდან უფრო ნაკლები მოცულობის უცხოური ვალუტა გაედინება. დუნდუა ამბობს, რომ ეროვნულმა ბანკმა ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. სამომხმარებლო სესხების შეზღუდვაზე დუნდუამ კომერსანტთან ისაუბრა. 

"კომერციული ბანკების საკრედიტო სტრუქტურას თუ შევხედავთ, ძალიან მაღალია სამომხმარებლო საიმპორტო შესყიდვების დაკრედიტების წილი. დაბალია ადგილობრივი რეალური ეკონომიკის დაკრედიტების წილი. შესაბამისად, ფული, რომელიც ხმარდება არა ეკონომიკის ინვესტირებას, არამედ სადოლარე შესყიდვებს, ქმნის პრობლემებს და ლარის დასტაბილურების პოზიტიურ პროცესს აფერხებს. ვისურვებდი, რომ ამ მიმართულებით გადადგმულიყო ეფექტურად ქმედითი ნაბიჯები. გასულ წელს ბატონი ქადაგიძე ღიად საუბრობდა იმაზე, რომ სამომხმარებლო სესხების ტვირთი მძიმედ აწვება ეკონომიკას; დიდი გამოწვევაა ეკონომიკისთვის და მოსახლეობისთვის. 2014 წელს ლარი ასეთი დევალვირებული არ იყო და მაშინ იდგა ეს პრობლემა და ამას სავალუტო ფონდიც მიუთითებდა. საუბარი იყო იმაზე, რომ მსესხებლებიდან ყოველი მესამე თავისი ხელფასის ნახევარს ვალის მომსახურებისთვის იხდიდა. დღეს ეს მაჩვენებელი ძალიან გაზრდილი გვექნება, რადგანაც დევალვირებული ლარი გვაქვს. ამ პირობებში ეროვნული ბანკის მხრიდან საკრედიტო პოლიტიკის არგადახედვა, სამომხმარებლო საცალო სესხების არშეზღუდვა, არის წამახალისებელი ლარის კურსის გაფუჭებისა. სწორედ ამიტომაც ეს პროცესები შეფერხებით მიმდინარეობს".

სამომხმარებლო სესხების შეზღუდვის შედეგად, შესაძლოა, ქვეყანაში ვალუტის კურსი გამყარდეს, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, ვინაიდან შეამცირებს ქვეყანაში არსებულ მოხმარებას, რადგანაც ათასობით მოქალაქისთვის პროდუქციის შეძენა გაძვირდება.

კომენტარები