რუსთავი 2-ის საქმე

ახვლედიანი: არც მესინჯერი ვარ, არც შუამავალი, ბევრი კითხვა მაქვს მე თვითონაც

ipn.ge

"როგორც ხედავთ, არც მესინჯერი ვარ, არც შუამავალი, ღმერთმა დამიფაროს" - ამის შესახებ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თქვა. ის დაკითხვაზე გამოცხადდა. ახვლედიანმა დაადასტურა, რომ ის გუშინ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ოფისში, არხის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შეხვდა. 

"მე უახლოესი ორი კვირა არ ვიმყოფებოდი საქართველოში. გუშინწინ გვიან ღამით დავბრუნდი. გუშინვე უნდა შევხვედროდი ნიკას და ეს იყო ჩვეულებრივი, მეგობრული დაგეგმილი შეხვედრა იქიდან გამომდინარე, რომ ის ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია. ის მართლაც იმყოფება ასეთ სიტუაციაში და მე არასდროს ვტოვებ ჩემს მეგობრებს. აქედან გამომდინარე, ჩამოვფრინდი თუ არა, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე დავუკავშირდი ნიკას. მიპასუხა, რომ მას მთელი ღამის განმავლობაში ჰქონდა თათბირები და მეორე დღეს შევხვედროდით. მეორე დღეს, ანუ გუშინ, შესვენების პერიოდში მას დავუკავშირდი და ვადასტურებ, შეხვედრა მოხდა რუსთავი 2-ის ოფისში, სადაც ჩვენ ერთმანეთს ძალიან ხშირად შევხვედრივართ და გვისაუბრია. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს მე თვითონაც. სამწუხაროდ ამ მცირე დროის ინტერვალში ვერ შევძელი, რომ ნიკას შევხვედროდი. ჩემი დევიზია, ყველა კითხვაზე ყოველთვის პასუხი იყოს გაცემული. როგორც კი დაკითხვას მოვრჩები და ნიკა გვარამიას შევხვდები, გიპასუხებთ აუცილებლად. ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული" - თქვა ახვლედიანმა.

მისივე მტკიცებით, 24 აგვისტოს შემდეგ, ის არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არ ყოფილა.

"24 აგვისტოს შევხვდი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, სადაც მე გადავუხადე მადლობა იმ თანადგომისთვის, რაც მან გამოიჩინა, რომ ჩვენ მივიღეთ უმაღლესი შეფასება ფესტივალის ჩატარებაზე. ასევე მან გადმომცა მადლობა როგორც მე, ისე მთელ ჩემს კოლექტივს. ჩვენ დავემშვიდობეთ და ამის შემდგომ, არამც თუ ირაკლი ღარიბაშვილთან, არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში მე არ ვყოფილვარ, შენობაში. რაც შეეხება 2013 წელს გამართულ შეხვედრას, ეს მე პირველად გავიგე, თან ნიკა ბრძანებს, რომ იქ არსებობს ჩანაწერებიც და მე ამ შეხვედრას ვერ ვიხსენებ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრაზე მე არ ვყოფილვარ" - ამბობს ახვლედიანი.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით,  ტელეკომპანია რუსთავი ორის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ შანტაჟის შესახებ ინფორმატორად ალექსი ახვლედიანი დაასახელა. პროკურატურამ ალექსი ახვლედიანი დასაკითხად დღესვე დაიბარა. 

"2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მოწმის სახით დაიკითხა ნიკა გვარამია, რომელმაც დაკითხვისას აჩვენა, რომ მეგობარი, რომელიც მას შეხვდა, არის ალექსი ახვლედიანი, საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი - 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე. საქართველოს პროკურატურა ალექსი ახვლედიანს დღესვე დაიბარებს დაკითხვის მიზნით. 
პროკურატურამ მოწმე ნ. გვარამიას შესთავაზა, მისი და მისი ოჯახის მიმართ გამოყენებულიყო დაცვის სპეციალური ღონისძიებები, რაზეც მან უარი განაცხადა", - აცხადებს უწყება.

გუშინ, რუსთავი 2-ში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაზე ისაუბრა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გვარამიას განცხადების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო

 

კომენტარები