რუსთავი 2-ის საქმე

TI: გვარამიას განცხადებას უსწრაფესი რეაგირება უნდა მოჰყვეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, რუსთავის 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებაში საუბარია ცალსახად დანაშაულის შემცველ ფაქტებზე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს პირდაპირ აკისრიათ ვალდებულება უსწრაფესი რეაგირება მოახდინონ. TI-ის განცხადებით, გამოძიების მხოლოდ ზოგადად დაწყება და მაღალი თანამდებობის პირების მიერ საქმის პირად კონტროლზე აყვანა ვერ იქნება დამაჯერებელი რეალური ქმედებების და შესაბამისი შედეგების გარეშე. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, დროული და ადეკვატური რეაგირების არ არსებობის შემთხვევაში, გაჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ხელისუფლება არათუ იგნორირებას უკეთებს ამგვარ პრობლემებს, არამედ თავად არის მსგავსი მუქარებისა და შანტაჟის ორანიზატორი. 

"რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის განცხადებას დღეს, 21 ოქტომბერს რუსთავი 2-ის საქმეზე მორიგ სასამართლო მოსმენამდე რამდენიმე საათით ადრე, არხის გენერალურმა დირექტორმა არასამთავრობო სექტორის, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების თანდასწრებით პირდაპირ ეთერში გააკეთა განცხადება მის წინააღმდეგ შანტაჟისა და უკანონო თვალთვალის განხორციელების შესახებ.

უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე ფაქტია, როდესაც მედიის წარმომადგენელი მასზე განხორციელებული უკანონო თვალთვალის შესახებ აკეთებს განცხადებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ეკა მიშველაძის განცხადებას, მიუხედავად არასამთავრობო სექტორის მოთხოვნისა, სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

რუსთავის 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებაში საუბარია ცალსახად დანაშაულის შემცველ ფაქტებზე. შესაბამისად, სამართალდამცავ ორგანოებს პირდაპირ აკისრიათ ვალდებულება ამ ტიპის განცხადებაზე უსწრაფესი რეაგირება მოახდინონ. მხოლოდ ზოგადი განცხადებები გამოძიების დაწყების ან მაღალი თანამდებობის პირების მიერ საქმის პირად კონტროლზე აყვანის შესახებ ვერ იქნება დამაჯერებელი რეალური ქმედებების და შესაბამისი შედეგების გარეშე.

დროული და ადეკვატური რეაგირების არ არსებობის შემთხვევაში, გაჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ხელისუფლება გულგრილია მათდამი კრიტიკულად განწყობილი პირების მიმართ და სამართლის შერჩევითი გამოყენების მეშვეობით იგნორირებას უკეთებს მათი კანონიერი ინტერესების დაცვის ვალდებულებას. ამგვარ სიტუაციაში ჩნდება გაცილებით უფრო მძიმე ეჭვებიც, რომ ხელისუფლება არათუ იგნორირებას უკეთებს ამგვარ პრობლემებს, არამედ თავად არის მსგავსი მუქარებისა და შანტაჟის ორანიზატორი. ამგვარი ეჭვების გაბათილება მხოლოდ დროული, ობიექტური და ადეკვატური რეაგირებით იქნება შესაძლებელი" - ნათქვამია TI-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსთავი 2-ში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაზე ისაუბრა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გვარამიას განცხადების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს პროკურატურაში მოწმის სახით ხვალ, 12:00-ზე დაკითხავენ

კომენტარები