წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები

ლომჯარია: თუ გამოძიება მიმდინარეობს, როგორ აჩვენებენ საჯაროდ ამ კადრებს

მე მიმაჩნია, რომ ამ კადრების საჯაროდ ჩვენება არის მსხვერპლისთვის დამატებითი ტკივილის მიყენება. ვფიქრობ, რომ ნამდვილად მიუღებელია, როდესაც მეტ-ნაკლებად იდენტიფიცირებულია მსხვერპლი. მისი პირადი ტრაგედიის საზოგადოების ფართო მასებისთვის ჩვენება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, ალბათ, რომ მოხდეს უფრო დიდი აგრესიის გამოწვევა საზოგადოებაში, მაგრამ საერთო ჯამში, უფრო მეტად ეს არის მსხვერპლის უფლებების შელახვა. რამდენადაც ვიცი და გაავრცელა პროკურატურამ განცხადება იმის შესახებ, რომ დაიწყო გამოძიება აღნიშნული მასალის გასაჯაროებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მე მიჩნდება კითხვები - თუკი ეს გამოძიება მიმდინარეობს, მაშინ როგორ ახერხებენ ეს ადამიანები საჯაროდ მსგავსი კადრების ჩვენებას, როდესაც მის გასაჯაროებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მსგავსი ფაქტები უნდა შეწყდეს და უნდა მოხდეს მაქსიმალურად მსხვერპლის უფლებების დაცვა. ჩემთვის როგორც იყო ცნობილი, განადგურდა ისეთი ტიპის მასალა, რომელიც შეეხებოდა ადამიანთა პირად, ინტიმურ ცხოვრებას და ასახავდა სასტუმროებში თუ სხვა კერძო დაწესებულებებში უკანონოდ მოპოვებულ ინფორმაციას. განადგურება არ შეხებია ისეთი ტიპის მასალებს, რომლებიც შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულს, ამ შემთხვევაში, წამების კადრებს. ჩემთვის როგორც იყო ცნობილი, ეს კადრები მაშინ არ განადგურებულა, არამედ განადგურდა სხვა შინაარსის, პირადი და ინტიმური ცხოვრების ამსახველი მასალები. მე ვფიქრობ, რომ გასაჯაროება კი არ არის გამოსავალი, გამოსავალი არის ის, რომ სახელმწიფომ გაატაროს ყველა ზომა, რომ მაქსიმალურად, კანონის ყველა სიმკაცრით დასაჯოს ის პირები, რომლებსაც შეხება ჰქონიათ მსგავსი ტიპის დანაშაულებთან.

 

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ წამებისა და გაუპატიურების კადრებზე.

კომენტარები