ჰააგის სასამართლო

"ეს არ არის ჩემი სიტყვები" - წულუკიანი აგვისტოს ომზე თავის განცხადებას უარყოფს

news.ge

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კომენტარს არ აკეთებს 2013 წლის აპრილში მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ "თუ არ აღმოვჩნდით საკმარისი პროფესიონალები ან არ გვექნა პოლიტიკური ნება, იძულებული ვიქნებით, ეს საქმე წავიდეს ჰააგაში". მან 2013 წლის 8 აპრილს თქვა, რომ აგვისტოს ომის გამოძიება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა.

"ეს არ არის ჩემი სიტყვები", - დღეს კი ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა ინტერპრესნიუსის შეკითხვას, როდესაც ჟურნალისტმა მისი განცხადება შეახსენა.

2013 წლის 8 აპრილს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, აგვისტოს ომთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

"ჰააგის სასამართლოში პროკურორთან შესულია არაერთი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩივიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ამბობენ, რომ აგვისტოს ომის დროს სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის და თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ან ისეთი დანაშაული, რომელიც შესაძლოა ომის დანაშაულად დაკვალიფიცირდეს. ჩვენი ამოცანაა, არ გავხადოთ ეს საქმე საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი და ჩვენს პრობლემებს თავად მოვუაროთ. თუ არ აღმოვჩნდით საკმარისი პროფესიონალები ან არ გვექნა პოლიტიკური ნება, იძულებული ვიქნებით, ეს საქმე წავიდეს ჰააგაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრი მაშინ ამბობდა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა დაიკითხოს საქართველოს პრეზიდენტიც, რომელიც შესაძლოა დაკითხვის პერიოდში პრეზიდენტი აღარ იყოს. მისივე თქმით, ასევე დაიკითხებიან მაღალჩინოსნები, ვისთან დაკავშირებითაც კითხვები არსებობს.

"სახეზეა მრავალი ათეული ტომი, თუმცა არის კითხვის ნიშნები, რატომ წარიმართა გამოძიება მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით. ჩემი მიზანია გამოძიება წავიდეს ყველა მიმართულებით, მაგრამ საქართველოში. ეს მოიაზრებს პრეზიდენტის და არა მხოლოდ მისი, ბევრი მაღალჩინოსნის დაკითხვას, მოქალაქეობისა და წარმომავლობის მიუხედავად. ჩვენ თავდაცვის სამინისტროსთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ, რადგან პროცესში ჩართული იყო არაერთი სამხედრო პირი, რომლებზეც ჰააგაში კითხვები არსებობს", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს წინასწარი წარმოების პირველ პალატას და მოითხოვა ნებართვა საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოსაძიებლად. გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. პალატა შეაფასებს, არის თუ არა გონივრული საფუძველი გამოძიების გასაგრძელებლად. წინასწარი გამოძიება პროკურორის ოფისმა 2008 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

კომენტარები