ჰააგის სასამართლო

ბენსუდა: აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების დაწყებამდე ეჭვმიტანილი არ გვყავს

ფატუ ბენსუდა
www.bet.com

რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ჯერ არც ერთი ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებული არ არის, - ამის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ბენსუდა არც იმ კონფიდენციალური სიის დეტალებს ამხელს, რომელიც მოსამართლეებს გაუგზავნა და რომელშიც კონკრეტული როლის მითითებით ის ადამიანები მოხვდნენ, ვინც, სავარაუდოდ სერიოზული დანაშაულების ჩადენაზეა პასუხისმგებელი.

"ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, ვერც მინიშნებას გავაკეთებ, რადგან სია კონფიდენციალურია", - განაცხადა ბენსუდამ.

შემაჯამებელ კონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო სასამართლო ეთნიკური ქართველების მკვლელობებს, დევნას, ასევე საქართველოს სამშვიდობოებზე თავდასხმას განიხილავს. რუს სამშვიდობოებზე თავდასხმის ნაწილში კი ბენსუდა მოსკოვში გამოძიების დასრულებას ელის, თუმცა მანამდე პროკურორი რუსეთ-საქართველოს ომზე გამოძიების დასაწყებად მოსამართლეთა პალატის ნებართვას ელის. ბენსუდა უახლოეს მომავალში რუსეთში ჩასვლასაც აპირებს და იმედი აქვს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასვლის საშუალებაც მიეცემა. 

"საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო არის ბოლო საშუალება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მხოლოდ მაშინ ერთვება საქმეში, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებას არ სურს ან არ შეუძლია, სათანადოდ ჩაატაროს გამოძიება. ჩვენი შეფასებით, სავარაუდო დანაშაული, რომელიც უკავშირდება ეთნიკური ქართველების იძულებით განდევნას და ქართველ სამშვიდობოებზე თავდასხმას, გამოძიებას ექვემდებარება. რაც შეეხება სავარაუდო თავდასხმებს რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ, ეს ჩვენი აზრით, დაუშვებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ იქნება განხილული სასამართლოს მიერ, რადგან რუსეთი თავად აგრძელებს გამოძიებას ამ საქმეებზე", - განაცხადა ბენსუდამ. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს წინასწარი წარმოების პირველ პალატას და მოითხოვა ნებართვა საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოსაძიებლად. გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. პალატა შეაფასებს, არის თუ არა გონივრული საფუძველი გამოძიების გასაგრძელებლად. წინასწარი გამოძიება პროკურორის ოფისმა 2008 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

კომენტარები