ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

ისრაელის პოლიციას იერუსალიმის ე.წ. არაბული ნაწილის დაბლოკვის უფლება მიეცა

AFP

ისრაელის მინისტრთა კაბინეტი პოლიციას იერუსალიმის ე.წ. არაბული ნაწილების დაბლოკვის უფლებას აძლევს. მთავრობის წევრები ამ გზით ცდილობენ, შეაჩერონ ბოლო დღეებში პალესტინელთა მხრიდან ჩადენილი მკვლელობების ტალღა. მათი განცხადებით, თავდამსხმელთა დიდი ნაწილი სწორედ ქალაქის ე.წ. არაბული ნაწილიდანაა. საგანგებო კრების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტი ასევე აცხადებს, რომ პოლიციის დასახმარებლად ისინი სამხედრო ძალების განთავსებას აპირებენ ე.წ. სახიფათო ზონებში.

გუშინ პალესტინელმა თავდამსხმელებმა მოკლეს 3 და დაჭრეს 20-ზე მეტი ებრაელი. მოკლულთაგან 2 პალესტინელების მიერ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა, მესამე კი ქუჩაში სასიკვდილოდ დაჭრეს.

ისრაელის პრემიერმინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში იერუსალიმის „არაბულ ნაწილში" კომენდანტის საათიც გამოცხადდება.

პალესტინელთა თითქმის ყოველდღიური თავდასხმების შედეგად, დაჭრილი და მოკლულია არაერთი ისრაელელი მოქალაქე. თავდამსხმელთა ნაწილი უკვე ლიკვდირებულია, მოკლულია ასევე მინიმუმ 18 პალესტინელი.

კომენტარები