აფეთქებები ანკარაში

პრეზიდენტი: ცალსახად ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ანკარაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას.

"შეძრწუნებული ვარ თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანკარაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ. ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მშვიდობიან აქციაზე მომხდარი ორი აფეთქების დროს, სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა, 126 კი, დაშავდა. BBC-ს ცნობით, ამ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. თურქეთის მთავრობამ აფეთქებებს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

აფეთქებები ანკარაში, მატარებლის ცენტრალურ სადგურთან ახლოს მოხდა. მშვიდობიან მარშზე სამხრეთ თურქეთში სახელმწიფოსა და ქურთ მებრძოლებს შორის კონფლიქტს აპროტესტებდნენ.

კომენტარები