სამართალდამცველებმა ქურდული სამყაროს წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით, 1959 წელს დაბადებული მურად ს. და 1961 წელს დაბადებული ვასილ ჩ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები აღიარებდნენ ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებდნენ დანაშაულებრივი საქმიანობის განსახორციელებლად. კერძოდ, მუქარისა და დაშინების გზით, ინდივიდუალურ მეწარმეებს: უჩა ჩ-ს, გია დ-ს და თეიმურაზ გ-ს გამოსძალეს 10 000 ლარი. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, გამოძალული სრული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით).