ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერის გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. ამის შესახებ დღეს პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ისაუბრა.
"დღეს თითოეული თბილისელის წარმოდგენაში დედაქალაქის მერი, მერიის სამსახურები და გამგეობები მხოლოდ გადათხრილ ქუჩებთან, მიტოვებულ და შეჩერებულ პროექტებთან, კორუფციასთან და ა.შ. ასოცირდებიან. ვერცერთმა მოქალაქემ ამ 15 თვის განმავლობაში ვერ იგრძნო ამ უწყების ფუნქცია. მერიის თანამშრომლები თავქუდმოგლეჯილები გარბიან ან იძულებით ატოვებინებენ თანამდებობებს. ეს ის პირები არიან, რომლებმაც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში 9 მილიონი ლარი არაფრის კეთებაში, პრემიის სახით მიიღეს, ათეულობით მილიონი კი საკუთარი ნათესავებისა და მეგობრების კომპანიებს ჩაურიცხეს.
ამ ფონზე მერი ნარმანია საჭიროდ არ თვლის და, მეტიც, ვერ არის აღჭურვილი საკმარისი ავტორიტეტით, რომ თავის ამომრჩეველს აუხსნას, რა ხდება. რატომ შეიქმნა კრიზისი ყველა მიმართულებით.
ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი დარჩა - ჩვენ ვითხოვთ, თბილისში მერის ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, აირჩიონ ის მერი, რომელიც ქალაქს და თბილისელებს მოემსახურება. ამით თავად ნარმანიაც იგრძნობს უდიდეს შვებას და დედაქალაქიც განვითარების გზას დაადგება. დღეიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვადამდელ თბილისის არჩევნებს ითხოვს", - თქვა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე.





