რუსთავი 2-ის საქმე

19:00-ზე, ენმ ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას გამართავს

www.panoramio.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღეს, 19:00-ზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან საპროტესტო აქციას გამართავს. აქციის მოთხოვნა იქნება - თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს. ისინი რუსთავი ორის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. უმცირესობის დეპუტატის გივი თარგამაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში მართლმსაჯულების უზურპაცია მოახდინა.

"ქუთაისში მონა მოსამართლემ ბიჭებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში მართლმსაჯულების უზურპაცია მოახდინა. ამიტომ, ჩვენ მივდივართ იქ, სადაც უზურპაციის წყაროს სათავეა. დღეს, შვიდ საათზე შევიკრიბოთ შუშის კოლბასთან, დავავიწყოთ გლუვტვინიანს ათ საათზე ძილი და სტაფილოს წვენი, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, ვიხსნათ სამშობლო", - წერს თარგამაძე Facebook-ში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რუსთავი ორის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მან პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ნიკა ნარსიას და კახა გაბუნიას ხულიგნობაში ადანაშაულებენ. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით წარუდგინეს, რაც სასჯელად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მესამე დაკავებულს მირიან დეისაძეს კი, ხულიგნობასთან ერთად, ცემასაც ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, დაკავებულებსა და უმრავლესობის დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც დეპუტატს პიჯაკი შემოახიეს. დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და პროტესტის ნიშნად ამ დრომდე შიმშილობენ.

კომენტარები