TI-ს კვლევა

TI: 2015 წელს ყველაზე მეტად მოქალაქეთა ნდობა პრეზიდენტის მიმართ გაიზარდა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 2015 წლის გაზაფხულზე ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, 2013 წელთან შედარებით, 2015 წელს ყველაზე მეტად მოქალაქეთა ნდობა პრეზიდენტის მიმართ გაიზარდა. წლევანდელი მონაცემებით პრეზიდენტს სრულად ენდობა 18 %, უფრო ენდობა ვიდრე არ ენდობა 24 %. ანალოგიური მონაცემები შესაბამისად 10 % და 11 % იყო. 

რაც შეეხება მოქალაქეთა მიმართ პრემიერმინისტრის ნდობის საკითხს, გამოკითხვის თანახმად, პრემიერს სრულად ენდობა 9 %, უფრო ენდობა ვიდრე არ ენდობა 15 %,  უფრო არ ენდობა ვიდრე ენდობა 14 %, საერთოდ არ ენდობა 21 %. ორგანიზაციის განმარტებით, 2013 წლის გამოკითხვაში რესპოდენტებისთვის იმავე კითხვით არ მიუმართავთ, ამიტომ პრემიერის მიმართ ნდობის მაჩვენებლის შედარების შესაძლებლობა მას არ ჰქონია.

იმავე კვლევის მიხედვით, 10-იდან 6 ინსტიტუტის მიმართ ნდობის დაცემის ტენდენცია შეინიშნება. 

"ყველაზე მეტად,  2013 წელთან შედარებით, 2015 წელს მოქალაქეთა ნდობა პოლიციის მიმართ დაეცა. 2013 წელს გამოკითხულთა 53% ამბობდა, რომ სრულად (19%) ან ნაწილობრივ (34%) ენდობოდა პოლიციას, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 16% არის შემცირებული. კერძოდ, 2015 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად რესპონდენტების 37% ამბობს, რომ სრულად (12%) ან ნაწილობრივ (25%) ენდობა პოლიციას. ამავე დროს, 2015 წელს 12%-დან 19%-მდეა გაზრდილი იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც პოლიციას უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა (10%) ან საერთოდ არ ენდობა (9%). 2013 წელს ანალოგიური მაჩვენებელი, შესაბამისად, 7% და 5% იყო," - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები