TI-ს კვლევა

უსუფაშვილი: შეიძლება, დეპუტატი სიტყვით არ გამოდიოდეს, მაგრამ საქმეს აკეთებდეს

David Usupashvili Official

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, დეპუტატების საქმიანობასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანგარიშს პარლამენტის შესაბამისი სტრუქტურა შეისწავლის და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სათანადო ზომებს მიიღებს. უსუფაშვილის შეფასებით, ანგარიში ძალიან საყურადღებო და საინტერესოა.

"რაც შეეხება პარლამენტის წევრის სიტყვით არგამოსვლას, ეს შეიძლება ასე მოხდეს და ის სხვა მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდეს - პარლამენტში ასეთი ხალხიც გვყავს. პარლამენტის წევრი არ არის ტელეწამყვანი, რომელიც თუ არ ლაპარაკობს, საქმეს ვერ გააკეთებს. მისი ფუნქცია ბევრი სხვადასხვა საქმით განისაზღვრება, თუმცა თუ ხარ პარლამენტში, უნდა ილაპარაკო კიდეც. საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიში ძალიან საყურადღებო და საინტერესოა. სასურველია, რომ ასეთი ანგარიშები იყოს უფრო დროული", - თქვა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ანგარიშის მომზადების წინა პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე უზუსტობა და შესაბამისი ინფორმაცია ორგანიზაციას მიეწოდა.

გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი წლის მუშაობა შეაფასა. ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის 28 წევრს საკანონმდებლო ორგანოს შეკრებიდან ერთი წლის განმავლობაში, პლენარულ სხდომაზე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. 

ასევე, ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის 43 წევრს (ან მისი ოჯახის წევრს) 2012 წლის ოქტომბრიდან ჰქონდა ან ისევ აქვს ბიზნესაქტივები. მათგან 28 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია, 9 კი - საპარლამენტო უმცირესობის, ხოლო 6 არცერთს არ ეკუთვნის. გარდა ამისა, ამ პარლამენტარებიდან 3 (ზვიად კვაჭანტირაძე, გიორგი თოფაძე, თამაზ ავდალიანი) აღმოჩნდა ისეთი, რომელთაც არა მარტო წილები აქვთ ან ჰქონდათ ბიზნესში, არამედ კომპანიის დირექტორებიც იყვნენ პარლამენტში საქმიანობის პარალელურად, რისი უფლებაც კანონით არ ჰქონდათ.

კომენტარები